“ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტები არ გვყავს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, 27 ახალი ინფიცირებულიდან 20-ის წყარო ცნობილია.
“27 პაციენტიდან 13 არის ბოლნისის წყარო, 1 თეთრიწყაროდან, 2 მარნეულიდან, 4 კი საკარანტინო სივრციდან. დანარჩენი 7 პაციენტის წყარო ჯერჯერობით უცნობია და ხდება მათი კონტაქტების მოძიება. ჩვენთან ამ 27 პაციენტიდან არცერთი არ არის შემოყვანილი”, – აცხადებს ეზუგბაია.
მარინა ეზუგაბაიმ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული ორი ინფიცირებული პაციენტი გუშინ გამოჯანმრთელდა.
“მონაცემები ჩვენთან იგივე რჩება. ცვლილება, რაც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენთან გუშინ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე კლინიკაში გვრჩება 41 კოვიდინფიცირებული. ერთ-ერთი გამოჯანმრთელებული მოზარდია. გვყავს 3 პაციენტი მძიმე პნევმონიით, თუმცა არ ფასდებიან, როგორც განსაკუთრებულად მძიმე პაციენტები, მკურნალობას და მართვას ემორჩილებიან და სტაბილურები არიან”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 566-მდე გაიზარდა.