7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა. ამის შესახებ „ფორტუნას“ საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.
გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ – ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილი სატელეფონო ზარების განხორციელების უფლებით ისარგებლებს.
7 ნოემბრის საქმე იყო ერთადერთი, რომელზეც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განმარტა, რომ სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს, რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არიან, მოსამართლის თქმით, ახალი გარემოება არ ყოფილა წარმოდგენილი, რომ პატიმრობა გაუქმებულიყო, რის გამოც, პატიმრობა უცვლელად იქნა დატოვებული.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.