72 პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები და სხვა პოლიტიკური მოღვაწეები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ერთობლივ ღია წერილს ავრცელებენ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის მიმართავენ.
მიმართვის ავტორები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს იმ დრომდე, სანამ მას არ ექნება თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა:
“საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ეპოქა საბოლოოდ უნდა დასრულდეს. ეს გარკვევით იყო ნათქვამი ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელზეც მოგვიანებით “ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, რათა გზა გაეხსნას სტაბილიზაციისკენ მიმართულ ახალ ხელშეკრულებას, რომლის მიზანიც საქართველოში კრიზისის დასრულება და იმ კურსის აღდგენაა, რომელი ქართველ ხალხს სურს.
სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ მას არ ექნება თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წარდგომის შესაძლებლობა, რათა პასუხი გასცეს მისთვის წაყენებულ ნებისმიერ ბრალდებას. საქართველოში მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის არარსებობის გამო, საერთაშორისო დაკვირვების გარკვეული ელემენტი უნდა შეიქმნას, რათა ხელი შეეწყოს დაძაბულობის განმუხტვასა და პროცესის წინსვლას”, – წერია მიმართვაში.
ღია წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას უწყობს ხელს:
“მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც საქართველო ბოლო წლებში იმყოფება უკიდურესი პოლარიზაციის გამო, რაც გამოწვეულია თავისუფალი მედიის კონტროლის მცდელობით, ოპოზიციური პოლიტიკოსების, აქტივისტების და თვით უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთვალის მცდელობების, პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხელისუფლების მხრიდან სივრცისა და რესურსების შეზღუდვით.
ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედების მიმართ, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ.
უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი. ახლა დუმილი არ შეიძლება.” – აღნიშნულია ღია წერილში.
მიმართვის ავტორებს შორის არიან:
- უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო,
- შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი,
- ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა,
- ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,
- ჟიგიმანტას პავილიონისი,
- ქართველი პოლიტიკოსები ელენე ხოშტარია, ბათუ ქუთელია.