იშვიათი Porsche 356 Speedster, რომელიც 1955 წელს არის გამოშვებული, გასაყიდად გამოიტანეს. ავტომობილს დღემდე აქვს შენარჩუნებული ქარხნული ძრავა და ძარის გარე პანელები, რის გამოც მისი ფასი 550 ათას დოლარად არის განსაზღვრული.
მანქანა 356-ის პირველი სერიის, ე.წ. Pre-A ვერსიას მიეკუთვნება, რომელიც 1948-1955 წლებში იწარმოებოდა. კონკრეტული ეგზემპლარი შასის ნომრით 80625 შესრულებული არის იშვიათ Speedster Blue ფერში, რომელიც სპეციალურად Porsche 356 Pre-A-სთვის გამოიყენებოდა.

ავტომობილმა სრული რესტავრაცია გაიარა Porsche-ს სპეციალისტ დეივ აიმსთან, Apex Auto Body-ში. მიუხედავად მასშტაბური სამუშაოებისა, მანქანაზე შენარჩუნდა ორიგინალი ძარის პანელები და 1,5 ლიტრიანი ძრავა. სალონი ღია ფერშია შესრულებული და მაქსიმალურად მინიმალისტურია.

550 ათასი დოლარის ფასი Porsche 356-ისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულად მიიჩნევა. ღირებულებას განაპირობებს როგორც მოდელის იშვიათობა, ისე ავტომობილის მაღალი ავთენტურობა – განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ძირითადი კომპონენტები დღემდე ორიგინალია. ავტომობილი ღია აუქციონზე არ იყიდება და მფლობელმა მასზე ფიქსირებული ფასი დააწესა.
ამავე დროს, ბრიტანულმა კომპანია Thornley Kelham-მა Porsche 356-ის კიდევ ერთი იშვიათი ვერსიის, 356 SL-ის აღდგენის პროექტიც დაიწყო. სულ 50 ავტომობილის შექმნა იგეგმება, თუმცა ისინი ფაქტობრივად თავიდან აშენებული რესტომოდები იქნება.