გიორგი კვირიკაშვილი ბოლო სამ საათში ბელარუსის პრეზიდენტის გამოსვლას უკვე მეორე განცხადებით პასუხობს. განახლებულ ვარიანტში არჩილ ტატუნაშვილის გვარია ჩამატებული.
მთავრობის ადმინისტრაციამ ახალი ტექსტი ცოტა ხნის წინ გაავრცელა, სადაც განმარტა, თუ რა ვითარებაში ისაუბრეს რუსეთზე ალექსანდრე ლუკაშენკომ და გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის ადმინისტრაციის მტკიცებით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა, რომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაუბრუნდა ოჯახს.
„პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსი ხალხის მიმართ საქართველოში არავის აქვს აგრესია, ქვეყანაში რუსეთიდან მილიონზე მეტი ტურისტი შემოდის და არანაირი დაპირისპირება არ ხდება. ამავე კონტექსტში გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსი ბებია ჰყავდა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ხალხთაშორისი, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები არსებობს. თუმცა საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივაზე საუბრისას, პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში არსებობს წითელი ხაზები და ეს არის საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ამ მიმართულებით კი, რუსეთის ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ბელარუსის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილი რუს ადამიანს შეადარა. რუსეთის მიმართ საქართველოს პრემიერის დამოკიდებულების დეტალებზე ალექსანდრე ლუკაშენკომ საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მიმართვის დროს ისაუბრა. როგორც ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილი რუსეთისადმი მის დამოკიდებულებაზე “აცრემლებული თვალებით” ესაუბრა.
