LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„78 000-დან 75 000-მა მკურნალობა დაასრულა, პაციენტების 99% განკურნებულია“ – 21-28 ნოემბერს აივ ინფექცია/ჰეპატიტების ტესტირების კვირეული გაიმართება

228
Untitled design

21-დან 28 ნოემბრის ჩათვლით, ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება. კვირეულის მთავარი მიზანი აივ ან / და ჰეპატიტის სტატუსის შესახებ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ინფორმირება და გვიანი დიაგნოზის შემცირებაა.

2013 წლიდან დაწყებულ კამპანიას, რომელშიც ასობით ორგანიზაცია მონაწილეობს, ტრადიციულად, წელსაც უერთდება „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიც“.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, კოვიდპანდემიის ფონზე, როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც, მნიშვნელოვნად შემცირდა ტესტირების და შესაბამისად გამოვლენის რაოდენობა, რაც უარყოფითად აისახა ელიმინაციის პროგრამაზეც.

ქსელის კამპანია ასევე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას და არსებული ბარიერების აღმოფხვრას.

ევროპული ტესტირების კვირეულის ფარგლებში, „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წევრი ორგანიზაციების მიერ, თბილისში, ასევე რეგიონებში, მობილური ამბულატორიების საშუალებით ზოგად პოპულაციაში აივ ინფექციასა და ც ჰეპატიტზე სწრაფი/მარტივი ტესტით უფასო ტესტირება იგეგმება.

კვირეულის მიზნებზე, მის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, ტესტირების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობასა და ელიმინაციის შედეგებზე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის სერვის ცენტრის „ახალი ვექტორის“ წარმომადგენელმა ლაშა აბესაძემ ისაუბრა.

„ჩვენი სამიზნე პოპულაცია, ძირითადად, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები და მათი სქესობრივი პარტნიორები არიან, მაგრამ სერვისს ყოველთვის ვაწვდით ზოგადად პოპულაციასაც. კვირეულის ფარგლებში, ძირითადი აქცენტი ზოგადად, მოსახლეობისკენ იქნება მიმართული.

ტესტირების ძირითადი ლოკაციები თბილისში – მეტროსადგურების მიმდებარედ და ასევე სხვადასხვა ქალაქსა თუ რაიონულ ცენტრებშია. ვფიქრობ, ძირითადი მოსახლეობისთვის ჩვენი მობილური ამბულატორიები ნაცნობია, ყოველთვის არის ბანერი, რომ აქ მიმდინარეობს უფასო ტესტირება აივ შიდსსა და C და B ჰეპატიტებზე.

პროცედურა ძალიან უმტკივნეულოა. დაახლოებით, 15 წუთში პირველად შედეგს იძლევა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ყველა მოქალაქემ უნდა გააკეთოს, რათა პირველი სტატუსის შესახებ იცოდეს.

არ არის საჭირო, რომ დადებითი პასუხი იყოს და ვიღაცას რაიმე დაავადება სჭირდეს. ის, რომ შენ არ გაქვს აივ შიდსი და C ჰეპატიტი, ესეც სტატუსია.

თუ დადებით შემთხვევები იქნება, ქვეყანაში დღეს აივ შიდსის მართვა მედიკამენტებით ძალიან მაღალ დონეზეა, C ჰეპატიტი კი განკურნებადია. მერვე წელია, ელიმინაციის პროგრამა მიმდინარეობს და როგორც აჩვენა, პაციენტების 99% განკურნებულია.

განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია და „ახალი ვექტორი“ ჰეპატიტის საკომუნიკაციო კამპანიას ერთად ვახორციელებთ, მისი ძირითადი სლოგანია – „იცოდე“ და ვფიქრობთ, (ელიმინაციის პროგრამის მერვე წელი დაიწყო) C ჰეპატიტის შესახებ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძირითადი უკვე უნდა იცოდეს.

აუცილებელია, იცოდნენ:

  • გადაცემის გზები, რადგან ადამიანები ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ეს გარკვეული ჯგუფების დაავადებაა და არ არის ისეთი, რომ შეიძლება ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს;
  • უნდა იცოდნენ, რომ ეს ძალიან ვერაგი დაავადება და ღვიძლის კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია;
  • უნდა იცოდნენ, რომ განკურნებადია და რომ მკურნალობა უფასო, მარტივი და უსაფრთხოა“, – აცხადებს ლაშა აბესაძე.

აბესაძე ელიმინაციის პროგრამის შედეგებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პროგრამამ ძალიან კარგად იმუშავა:

„საქართველოში B ჰეპატიტზე მნიშვნელოვანი ბიძგებია დაწყებული. შესაძლებელია, ძალიან მალე მკურნალობის პროცესი დაიწყოს, მაგრამ ამაზე ბოლომდე ვერ ვსაუბრობთ, რადგან ეს თემა დასრულებული რა არის.

რაც შეეხება C ჰეპატიტს – 93 000-მა ადამიანმა კვლევების შედეგად დადასტურებულად იცოდა, რომ მას C ჰეპატიტი ჰქონდა, აქედან 78 000-მა ადამიანმა დაიწყო მკურნალობა.

სამწუხაროდ, 14 000-ზე ცოტა მეტმა ადამიანმა იცის, რომ მას აქვს C ჰეპატიტი და ელიმინაციის პროგრამაში ჯერ არ არის ჩართული.

78 000 ადამიანიდან 75 000-მა მკურნალობა დაასრულა და განკურნების მაჩვენებელი 99 %-ია“, – აღნიშნავს „ახალი ვექტორის“ წარმომადგენელი.

ლაშა აბესაძე ჰეპატიტებთან დაკავშირებულ მითებსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ არ არსებობს პირდაპირი მიზეზები – რატომ არ ერთვება მოქალაქეების გარკვეული ნაწილი მკურნალობის პროცესში.

„მოხარულები ვიქნებით, თუ ვინმე იტყვის, რა ბარიერი არსებობს ამ პროგრამაში, რომ გამოსწორდეს. მაგალითად, ყველაზე რთული რაც შეიძლება პაციენტისთვის იყოს, ეს არის თვეში ერთხელ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა, რომ მედიკამენტები სახლში წაიღოს და მიიღოს.

პრედიაგნოსტიკა, პოსტდიაგნოსტიკა, მედიკამენტური მკურნალობა აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის სრულიად უფასოა, შესაბამისად, თანხებთან დაკავშირებული არ არის.

სკრინინგი 1000-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში ხდება. შეიძლება ყველა სოფელში არ არსებობდეს მკურნალობა და მოქალაქეებს რაიონულ ცენტრში ჩასვლა მოუწიოთ, შეიძლება ეს იყოს ერთი ბარიერი, სხვა მნიშვნელოვან გამოწვევას ვერ ვხედავ.

სხვადასხვა თემთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მითი არსებობს, მაგრამ ჩვენ, როგორც თემმა, ზუსტად ვიცით, თუ რა საფრთხეები არსებობდა, რომ არ გვემკურნალა და როგორია ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როდესაც ვიმკურნალეთ – არის გაცილებით უკეთესი და უფრო ხარისხიანად ვცხოვრობთ.

მტკიცებულებებია, რომ განკურნებული ღვიძლის შემთხვევაში, მას შეუძლია ძალიან სწრაფად აღდგეს. თუ ღვიძლის დაზიანება მაღალი ხარისხის არის და თუ მასთან C ჰეპატიტი აღარ იქნება, ადამიანები გაცილებით კარგად იქნებიან.

შესაძლებელია, მკურნალობის პროცესში ადამიანები გარდაიცვალნენ და არსებობდა ასეთი მითიც, რომ „მძიმე გართულებები შეიძლება მედიკამენტურმა მკურნალობამ გამოიწვია“.

ერთ-ერთი კომისიის წევრი ვიყავი და ზუსტად ვიცი, რომ იყო ძალიან ბევრი პაციენტი, რომელთა ღვიძლის დაზიანებაც ძალიან მაღალი იყო და მხოლოდ გადანერგვა იყო საშველი, რათა მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზრდილიყო. შესაბამისად, მაღალი ხარისხის დაზიანების მქონე პაციენტი შეიძლება გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, მედიკამენტებს მიიღებენ თუ არა.

მოვუწოდებ ყველას, თუ ვინმეს ჯერ არ ჩაუტარებია ტესტირება – ჩაიტაროს, იმ შემთხვევაში, თუ პასუხი დადებითი იქნება, ვურჩევ იმკურნალოს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მისი ჯანმრთელობისთვის, ასევე საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ლაშა აბესაძემ გადაცემაში „დღის თემა“.

magti 5g