იანვარ-აგვისტოში საქართველომ ექსპორტზე $73.9 მილიონის ელექტროენერგია გაიტანა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 398.5%-ით აჭარბებს. ყველაზე დიდი რაოდენობით, $69.3 მილიონი ოდენობის ელექტროენერგია საქართველოსგან თურქეთმა იყიდა. უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორისაა სომხეთი, $4 მილიონით და აზერბაიჯანი, $569 700-ის ელექტროენერგიით. მხოლოდ აგვისტოში ელექტროენერგია ექსპორტზე მხოლოდ თურქეთში გავიდა და შედეგად, საქართველომ $9.7 მილიონი მიიღო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 8 თვის მონაცემებით, ელექტროენერგია, საქართველოს მთლიან ექსპორტში 2.1%-იანი წილით, 10 უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორისაა.
რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-აგვისტოში საქართველომ, ამ მიმართულებით, $34.7 მილიონი დახარჯა. აგვისტოში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა.