“აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ამოქმედებულ საწარმოთა რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ეკო რესურს ნატტექი“ შეემატება.
კომპანია, რომელიც 2016 წლის აპრილის თვეში დაარსდა, საკვები საღებავებისა და ფუნქციონალური დანამატების იმპორტს, ასევე დისტრიბუციას ახორციელებს, თუმცა პროგრამის მხარდაჭერით კომპანია იმპორტირებული პროდუქტის ადგილობრივი ნაწარმით ჩანაცვლებას გეგმავს, რაც 20-25%-ით შეამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას.
აღსანიშნავია, რომ შპს „ეკო რესურს ნატტექი“ , როგორც ადგილობრივი ბაზრის ათვისებას, ასევე, პროდუქციის აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსპორტზე გატანასაც აპირებს. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია დამატებით 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
შპს „ეკო რესურს ნატტექი“, რომელიც 2017 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 816 331 ლარს შეადგენს.
2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 245 საწარმოა მხარდაჭერილი.