რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი 2008 წლის ომს და მანამდე განვითარებულ მოვლენებს იხსენებს.
როგორც ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ივლისის ბოლოს საერთაშორისო პარტნიორები უკვე აცნობიერებდნენ რომ რუსეთ-საქართველოს ომის ალბათობა 50/50-ზე იყო.
ბერძენიშვილი 9 აგვისტოს პრეზიდენტის ბრძანებულებასაც აკრიტიკებს.
“2008 წლის აგვიასტოში გიორგი ანწუხელიძემ, შინდისის გმირმა მეომრებმა და უამრავმა სხვა დაღუპულმა, დაჭრილმა და გადარჩენილმა – სამხედროებმა, ექიმებმა, რეზერვისტებმა, ომში გაქცეულმა პატრიოტებმა იხსნეს ქვეყნის ღირსება.
ერის ამ უკეთესმა უმცირესობამ იტვირთა ფუნქცია – გვქონოდა ფერი რუკაზე. მათ მაშინ შეასრულეს მათი მორიგეობა და ახლა ასპარეზზეც ეს თაობაა.
თავისუფლება მცოდნე და ამაყ უმცირესობას მოაქვს უმრავლესობისთვის ყოველთვის.
სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ისტორიის გადაწერის, კორექტირების საჭიროება არ გვაქვს…და არა ქართული პოლიტიკის ან მოსახლეობის უმრავლესობის.
ღია რენეგატებზე არც ვსაუბრობ- არც კი მეზიზღებიან..აღარც მეცოდებიან. განსაკუთრებით, კარგი წინაპრების დაყმევებული მემკვიდრეები…
2008 წლის ივლისის ბოლოს ვარშავის უნივერსიტეტში ვიყავი კონფერენციაზე.
საქართველოში პოლონეთის ელჩმა იაცეკ მულტანოვსკიმ შემომთავაზა იქ წასვლა, ცალკე პროგრამასაც მოგიმზადებთო. იაცეკს და მის მეუღლე კინგას ელჩობამდე ვიცნობდი, ახლობლები არიან – პოლონეთის საელჩოს ზედა სართულიდან თუ მთლად სახურავიდან იღებდა 7 ნოემბრის დარბევას ( ზუბალაშვილის და ბესიკის კუთხეში იყო მაშინ საელჩო) და გამორჩეულად მკაცრი იყო საქართველოს ხელისუფლების მიმართ, საჭიროების შემთხვევაში
იქვე, გრიბოედოვზე რესპუბლიკელების ოფისთანაც სასწრაფოდ გაჩნდებოდა…
ჰოდა, უარი ვერ ვუთხარი ვარშავაში წასვლაზე.
კონფერენციაც საინტერესო იყო, ანჯეი ვაიდა და მისი “კატინიც” ვნახე….მაგრამ მთავარი მართლა იმ ცალკე პროგრამის ფარგლებში შეხვედრები აღმოჩნდა: 50/ 50- ზეა რუსეთთან საქართველოს ომის ალბათობაო, ასე ვვარაუდობთო. არ დავეთანხმე, საბაბს ჩვენი მოუთმენელი ხელისუფლებაც კი არ მისცემს მეთქი.
ვარშავიდან თბილისში ჩამოსულს გორიდან დაბრუნებულმა ზუკამ და მისმა მეგობარმა მიხომ მითხრეს – აგვისტოში ცხინვალში შევდივართო, მთელმა გორმა იცისო…მაშინაც არ დავიჯერე.
არადა, 7 აგვისტოც დადგა. წინა დღეებში ჩვენი ხელისუფალნი ოს სეპარატისტებს აბრალებდნენ ვითარების გამწვავებას, რუსები ვერ აკონტროლებენო. ეკა კვესიტაძის და ნინო ჯაფიაშვილის გადაცემაში მინისტრ იაკობაშვილის სიტყვები ახლაც კარგად მახსოვს( დაინტერესებულმა ადამიანებს ახლაც შეგიძლიათ ამ გადაცემის ნახვა, , საინტერესოა).
” კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა” მარტო ერთ გენერალს არ წამოცდენია, ამერიკულ პრესაშიც კი მოხვდა ეს სიტყვები 11 აგვისტოს…. მაგრამ ეს არაფერს ცვლის – რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და დაიწყო ომი და ოკუპანტია. ინტერვენციაც იყო და ” მძინარე ცხინვალში ქართული ბომბებით 2000 მშვიდობიანი ოსის დაღუპვის” ამაზრზენი რუსული პროპაგანდაც.
მძიმე დღეა 7 აგვისტო. 08.08.08 კიდე საშინელი თარიღი. 9 აგვისტოს პრეზიდენტის ბრძანებულების დამტკიცება პარლამენტში – ერთი ახლა გადახედეთ ტექსტს მაშინდელმა დეპუტატებმა – არ მოგეწონებათ.
” 8 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში( !!!- დ.ბ.) რამდენიმე ასეულმა რუსულმა ტექნიკამ და სამხედრომ გადმოლახა საქართველოს საზღვარი” – ეს რამ დააწერინა( ვინც დაწერა) და როგორ ვერ მიაქციეთ ყურადღება( ვინც კენჭი უყარეთ)?
ტალიავინის მიმართ საყვედური არ გვეთქმის, უფრო პირიქით(არც კია 9 აგვისტოს მთავარი ქართული დოკუმენტი გამოყენებული რუსის ჯარის შემოსვლის თარიღის დასადგენად, საქართველოში რომ იყვნენ რუსი ” მშვიდობისმყოფელებიც” და არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფებიც მანამდე, მშვენივრად იცოდნენ)”- წერს დავით ბერძენიშვილი.