LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

9 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალში “რეფერენდუმი” და “არჩევნები” მიმდინარეობს

73

ოკუპირებული ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმი და არჩევნები მიმდინარეობს. რეფერენდუმით მარიონეტული რეჟიმი ცდილობს, ქართულ რეგიონს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიის სახელმწიფო“ დაარქვას. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2017 წლის 9 აპრილს მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს.

უწყება განცხადებას ავრცელებს.

“საერთაშორისო სამართლის თანახმად, ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. რუსეთის საოკუპაციო ძალის ეს პროვოკაციული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგების, სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას.

საქართველოს უძველესი რეგიონისათვის რუსეთის ფედერაციული სუბიექტის მსგავსი სახელის – „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – ალანიის სახელმწიფო“ – დარქმევასთან დაკავშირებით ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება მიზნად ისახავს რეგიონის უკანონო ანექსიისათვის საფუძველის მომზადებას. ეს განზრახვა მკაფიოდ წარმოჩინდა ახლახანს ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმებითაც, რომელიც ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანებას ითვალისწინებს.

მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ძალისხმევას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში და ხელს უშლის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს ცხინვალის რეგიონში უკანონოდ მიმდინარე ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან”.

magti 5g