„2023 წელს საგადასახადო/საბაჟო შემოსავლებმა დაგეგმილი მაჩვენებლის 101.7%-ი შეადგინა, რაც მებაჟე ოფიცრების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი დასტურია“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2023 წელი გამორჩეულია საქართველოსთვის – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, შესაბამისად, დღეს საბაჟო ადმინისტრაციის მთავარ ამოცანას ქვეყნის ევროპული მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ევროინტეგრაციის პროცესში მიმდინარე პროექტების მზარდი ტენდენციის შენარჩუნება წარმოადგენს.
ფინანსთა მინისტრის თქმით, 2024 წელს იგეგმება საერთო ტრანზიტისა და ერთიანი ადმინისტრირების კონვენციებთან საქართველოს მიერთება. შედეგად, ეკონომიკურ ოპერატორებს მიეცემათ საშუალება, საქართველოს საბაჟოს მიერ გაცემული ერთი ელექტრონული დოკუმენტისა და გარანტიის საფუძველზე ტვირთი ევროპის კონტინენტზე მდებარე 35 ქვეყანაში ახალი კომპიუტერიზებული ტრანზიტის სისტემის მეშვეობით გადაზიდონ.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2021 წლიდან საქართველოში ევროკავშირის მოდელის მიხედვით ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ინსტიტუტი დაინერგა. დღეისთვის, ასეთი ტიპის სტატუსის მქონე 8 ეკონომიკური ოპერატორია.
„ბიზნეს სექტორის თითოეულ წარმომადგენელს, ბიზნესასოციაციებს მოვუწოდებ მოითხოვონ აღნიშნული სტატუსის მიღება, გახდნენ ჩვენი პარტნიორები და წვლილი შეიტანონ ევროკავშირის ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილმა ევროკავშირის ელჩსა და ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წევრებსაც მიმართა, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკბების გამართვას.
„ევროკავშირთან საბაჟოს წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია, აგრეთვე, ევროკავშირის საბაჟო პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა, რაც საშუალებას გვაძლევს გავააქტიუროთ საბაჟო სფეროში ჰარმონიზების დღის წესრიგი, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.