5 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ სამედიცინო ეკოსისტემა „პინეოს“ ბარიატრიული და მეტაბოლური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ჯანელიძე სტუმრობდა, რომელმაც ბარიატრიულ ქირურგიასა და მის თავისებურებებზე ისაუბრა.
– ბატონო მერაბ, კონკრეტულად რას ნიშნავს ბარიატრიული ქირურგია, რომელმაც განსაკუთრებით თანამედროვე ეპოქაში შეიძინა აქტუალურობა?
– ბარიატრიული ქირურგია – ქირურგიის ერთ-ერთი დარგია, რომელიც იკვლევს და ებრძვის სიმსუქნეს და მისით გამოწვეულ დაავადებებს. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ჭარბი წონა ნამდვილ ეპიდემიად იქცა, რადგან ჯანმოს მონაცემებით მილიარდნახევარი ადამიანი იტანჯება ამ დაავადებით. მართალია, ერთი შეხედვით სიმსუქნე ნაკლებად სახიფათოა, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ჭარბი წონა იწვევს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებებს, რომელთა მკურნალობისთვის აუცილებელია წონის დაკლება. გასაგები მიზეზების გამო ბევრი ვერ ახერხებს დიეტითა და მედიკამენტებით ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას, ამიტომ მათთვის სწორედ ქირურგიული კორექციაა რეკომენდებული.
– რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი ოპერაციის გაკეთება პაციენტის სურვილით და არა ქირურგის დანიშნულებით?
– ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბარიატრიული ქირურგია არ არის პლასტიკური ქირურგია, რომლის დროსაც პაციენტს თავისუფლად შეუძლია მოითხოვოს სხეულის გარკვეული ნაწილების შეცვლა და კორექცია. ბარიატრიული ქირურგია მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, როცა ჭარბი წონა პაციენტის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხე და მნიშვნელოვნად აქვეითებს მისი ცხოვრების ხარისხს. დღეს მართლაც ძალიან მოდურია ბარიატრიული ქირურგია, ამიტომ მსურველიც ძალიან ბევრია. ნაწილი საქართველოში ამჯობინებს ოპერაციის გაკეთებს, ნაწილი კი, მეზობელ თურქეთში მიემგზავრება, რაც ნაკლებად გამართლებულია, რადგან საზღვარგარეთ გაკეთებული ოპერაციის შემდეგ პაციენტი აბსოლუტურად უყურადღებოდ და უკონტროლოდ რჩება.
– რა ეტაპების გავლა უწევს პაციენტს ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ?
– გადაწყვეტილებას ოპერაციის გაკეთების შესახებ ქირურგი, ენდოკრინოლოგი და აუცილებლობის შემთხვევაში სხვა პროფილის ექიმები იღებენ, რომლებიც არა მხოლოდ პაციენტის სხეულის მასის ინდექსს განსაზღვრავენ, არამედ სიმსუქნით გამოწვეულ დაავადებებსაც იკვლევენ. პრინციპული მნიშვნელობა აქვს პაციენტის ასაკს, აუცილებელია სიმსუქნის გამომწვევი მიზეზების და უკვე ჩატარებული მკურნალობის შედეგების დადგენაც, რათა ზუსტად განისაზღვროს ბარიატრიული ოპერაციის ტიპი. ყოველთვის ვერიდებით 23 წლამდე ახალგაზრდების ოპერირებას, თუ რა თქმა უნდა, პათოლოგიური სიმსუქნით არ იტანჯებიან. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომ მათი მკურნალობაც ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ.
– რას გულისხმობს პაციენტის პოსტოპერაციული მოვლა?
– რა თქმა უნდა, ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ აუცილებელია მკაცრი სამედიცინო კონტროლი. მეტიც, ამგვარი კონტროლი არა რამდენიმე დღე ან კვირა, არამედ თვეების და ზოგჯერ წლების მანძილზე გრძელდება, რადგან ოპერაციის შემდეგ ორგანიზმი სერიოზულ დისკომფორტს განიცდის, ჩნდება სხვადასხვა დარღვევა და პათოლოგია, რომელთაც დროულად აღმოჩენა და კორექცია სჭირდებათ. ზოგადად, ნებისმიერი ოპერაცია სარისკოა და გარკვეულ საფრთხეს შეიცავს, რადგან არავინ იცის, როგორ „მოიქცევა“ ორგანიზმი.
– რამდენად მაღალია ამგვარი ოპერაციების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი?
– მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით სიკვდილიანობა 2%-ს აღწევს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ყველგან არ ხდება დადგენილი ნორმების დაცვა, რაც საბოლოოდ სავალალო შედეგით სრულდება.
– რას ნიშნავს ემბოლიზაცია და რა უპირატესობა აქვს ამ ტიპის ოპერაციას?
– ემბოლიზაცია – ახალი მეთოდია, ამიტომ ჯერ კიდევ გრძელდება მისი შესწავლა. ჩვეულებრივ, კუჭის მარცხენა არტერიის ემბოლიზაცია ხორციელდება, რადგან სწორედ ის კვებავს კუჭის დიდ ნაწილს და ფუნდუსს, სადაც შიმშილის ჰორმონი – გრელინი გამომუშავდება, ოპერაციის შემდეგ კი, სწორედ ის მცირდება 30%-ით. ამგვარი ოპერაცია ნაკლებად ხასიათდება გართულებებით, მით უფრო სიკვდილიანობით, რომლის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
– რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ნორმალური წონის შენარჩუნებისა და მსგავსი ოპერაციებისგან თავის დასაღწევად?
– არსებობს გამოთქმა, „კარგია ქირურგი, რომელმაც იცის, როგორ გააკეთოს ოპერაცია, უკეთესია, რომელმაც იცის როდის გააკეთოს და საუკეთესოა ის, რომელმაც იცი, როგორ არ გააკეთოს ოპერაცია“, ანუ ნებისმიერი ოპერაცია სერიოზული ტრავმაა ორგანიზმისთვის, ამიტომ უმჯობესია ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვროთ, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრავმა.