12 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ანგიოქირურგი ვახტანგ ტატიშვილი და ექიმი რადიოლოგი მარინა სახელაშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც ქრონიკულ ვენურ დაავადებაზე ისაუბრეს.
– ბატონო ვახტანგ, კონკრეტულად რას წარმოადგენს ქრონიკული ვენური დაავადება, როგორია მისი გავრცელების მსოფლიო სტატისტიკა და რა სიტუაციაა საქართველოში?
– ქრონიკული ვენური დაავადება ანუ ვენების ვარიკოზი – გენეტიკური ფაქტორით განპირობებული ვენების დაზიანებაა, რომლითაც ქალბატონები უფრო ხშირად იტანჯებიან, ვიდრე მამაკაცები. მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მეხუთე ადამიანს შეიძლება აღმოაჩნდეს ეს მეტად ვერაგი დაავადება. ვენური უკმარისობის შემთხვევაში პაციენტებს არასასიამოვნო შეგრძნება აქვთ ქვედა კიდურებში, რაც დასნეულების ერთ-ერთი პირველი მაუწყებელია.
– რა სიმპტომებით ხასიათდება ვენური დაავადება საწყის სტადიაზე?
– გასათვალისწინებელია, რომ გარეგნულად დაავადება აბსოლუტურად უსიმპტომოდაც შეიძლება ვითარდებოდეს, მაშინ როცა პაციენტს მანიფესტირებული ვენური უკმარისობა აქვს. თუ ხანგრძლივი ჯდომის ან დგომის შემთხვევაში ადამიანს ფეხები უსივდება და სტკივა, ყოველ საღამოდ განიცდის სიმძიმის ან წვის შეგრძნებას, რომელიც დილით ქრება – ეს უკვე ვენების ვარიკოზის აშკარა გამოვლინებაა.
– რა კატეგორიის ადამიანები მიეკუთნებიან რისკჯგუფს?
– რისკჯგუფს მეტწილად ვენური ვარიკოზისკენ გენეტიკურად წინასწარგანწყობილი ადამიანები მიეკუთვნებიან. მართალია, პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ მშობლებს მსგავსი დაავადება არ აქვთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან გენეტიკური ფაქტორი მეშვიდე თაობამდე გრძელდება. მამაკაცებში დაავადებას მეტწილად სპეციფიური სამსახური ან მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ქალბატონებში კი – ორსულობა და მენოპაუზა იწვევს, რადგან ორსულობის დროს ნაყოფი აწვება ქვემო კიდურებს, მენოპაუზის დროს კი, ორგანიზმის ჰორმონალური გადაწყობა ხდება. ვენური ვარიკოზი ხშირად აღენიშნებათ სპორტსმენებს, მათ შორის ძალოსნებს, ანუ მათ, ვისაც ყოველდღე მძიმე ფიზიკური დატვირთვა აქვთ. სამწუხაროდ, პაციენტები ყოველთვის დაგვიანებით მოგვმართავენ, როცა ვარიკოზული ვენები, შეშუპება და სისხლჩაქცევები უკვე მანიფესტირებულია. დაავადებას ექვსი სტადიით ხასიათდება. მართალია, ნულოვან სტადიაზე პაციენტს მხოლოდ სიმპტომები აღენიშნებათ, მაგრამ მეექვსე სტადიაზე უკვე წყლულები ჩნდება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ სტადიები არა ერთმანეთის მიყოლებით, არამედ ყოველთვის განსხვავებულად ვითარდება.
– ქალბატონო მარინა, ქრონიკული ვენური დაავადების დიაგნოსტირების რა მეთოდები არსებობს?
– სამწუხაროდ, სისხლძარღვების დაავადებები მეტწილად უსიმპტომოდ ვითარდება, ამიტომ საჭიროა პროფილაქტიკური სკრინინგი და დაავადების დროული აღმოჩენა. სისხლძარღვების კვლევა დუპლექსკანირებით ხორციელდება, რაც ორი მეთოდის – ულტრასონოგრაფიულ-ექოსკოპიური და დოპლეროგრაფიული კვლევის კომბინაციას გულისხმობს. დოპლეროგრაფიული კვლევა ავსტრიელ ექიმს კრისტიან დოპლერს ეკუთვნის და „დოპლერის ეფექტის“ სახელითაა ცნობილი. არტერიული სისხლძარღვებისა და ვენების კვლევის დროს პაციენტი აუცილებლად მოდუნებული და მაქსიმალურად თავისუფლად უნდა იყოს, რათა სწორად შეფასდეს სანათურის დიამეტრი, სისხლძარღვის კედელი და პათოლოგიები არტერიის კედლებზე, ათეროსკლეროზული ფოლაქის არსებობა, მისი ტიპი და გავრცელების ზონა. ამასთანავე, სწორედ ამგვარი კვლევა იძლევა თავის ტვინის სისხლძარღვების, ზედა კიდურების და თირკმლის არტერიების დათვალიერების საშუალებას, რათა თავიდან აცილებულ იქნას ინსულტი და სხვა მძიმე დაავადებები.
– რამდენად ინფორმატიულია დუპლექსსკანირება ქრონიკული ვენური დაავადების დიაგნოსტირებისას და რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი კვლევის დროულად ჩატარება?
– ქვედა კიდურების ქავილის, წვის და ტკივილის, ვენური ქსელის ან შეშუპების აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტი ვალდებულია მიმართოს სპეციალისტს და ჩაიტაროს სისხლძარღვების დუპლექსსკანირება, რათა დროულად დადგინდეს პათოლოგიები, დაინიშნოს ოპტიმალური მკურნალობა და თავიდან იქნას აცილებული გართულებები.
– ბატონო ვახტანგ, მკურნალობის რა მეთოდები არსებობს დაავადების საწყის სტადიაზე?
– რა თქმა უნდა, ბევრად მარტივი და შედეგიანია ვენური უკმარისობის მკურნალობა მისი საწყის სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ დაავადება ქრონიკულია, ამიტომ შეიძლება მისი მართვა, თუმცა შეუძლებელია საბოლოოდ დამარცხება. საწყის სტადიაზე მკურნალობის საუკეთესო მეთოდად ელასტიური კომპრესია და ტაბლეტოთერაპია ითვლება. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად გვაქვს საქმე დაგვიანებულ და დამძიმებულ შემთხვევებთან, როცა აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა.
– რა არსენალს ფლობენ თანამედროვე ანგიოქირურგები?
– საბედნიეროდ, საქართველოში ძალიან ეფექტურად შეიძლება ვენური უკმარისობის ოპერაციული მკურნალობა. დღეს ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ოპერაციად ლაზერული აბლაცია ითლება, რომელიც ლაზერით ანადგურებს დაზიანებულ ვენას და იცავს პაციენტს გართულებებისგან. საბედნიეროდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წყალობით მსგავსი ოპერაცია პედაგოგებისა და სოციალური სტატუსის მქონე პირებისთვის 100%-იანი, პენსიონერებისთვის 90%-იანი, სხვა პაციენტებისთვის კი, 70%-იანი დაფინანსებით კეთდება.
– რა უპირატესობებით სარგებლობს ლაზერული აბლაცია?
– ლაზერული აბლაციის მთავარი უპირატესობა განაკვეთების რაოდენობის სიმცირე და სწრაფი რეაბილიტაციაა. ღია ოპერაციის დროს საკმაოდ მსხვილი განაკვეთი კეთდება ბარძაყის არეში, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის პაციენტებს, ლაზერული აბლაცია კი, ლაზერული შუქგამტარით ჩხვლეტის მეთოდით ამუშავებს ვენას, რაც რეაბილიტაციის პერიოდსაც მინიმუმამდე – მაქსიმუმ ორ კვირამდე ამცირებს.
– ქალბატონო მარინა, რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტის გაკონტროლება ოპერაციის შემდეგ?
– ოპერაციის შემდეგ პაციენტმა ისევ ჩვენ უნდა მოგვმართოს და ჩაიტაროს გამოკვლევა, რათა შეფასდეს ოპერაციის შედეგი, ვენების, რბილი და მიმდებარე ქსოვილების მდგომარეობა. სამწუხაროდ, ოპერაციის შემდეგ პაციენტები იშვიათად მოგვმართავენ, რადგან თვლიან, რომ გამოჯანმრთელდნენ და აღარ სჭირდებათ სპეციალისტის რეკომენდაცია.
– ბატონო ვახტანგ, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა დაავადების თავიდან ასაცილებლად?
– მართალია, თანამედროვე ეპოქაში ძალიან რთულია ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება, მაგრამ ზოგადი წესები მაინც ყველამ უნდა დაიცვას. მათ, ვისაც დიდხანს უწევს ჯდომა, 2 საათში ერთხელ უნდა ადგეს და მინიმუმ 10 წუთი გაისეირნოს, მათ კი, ვინც ვენური უკმარისობით იტანჯება, აუცილებლად უნდა ატარონ ელასტიური კომპრესიის გეტრები, რათა თავიდან აიცილონ ქვედა კიდურების შეშუპება, ქავილი და ტკივილი.