„რასაც ხალხი იტყვის, რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „იქნება თუ არა პარალელურად „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია 29 აპრილს, როცა „ქართული ოცნება“ სახალხო შეკრებას გეგმავს“.
როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, ოპოზიცია „აუცილებლად ეცდება“, პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, 29 აპრილი იყოს მწვავე.
„29 აპრილს ძალიან ბევრი ადამიანი ისედაც აპირებდა შეკრებას, რადგან საკომიტეტო მოსმენაა დაგეგმილი. ახლა, ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, რასაც ხალხი იტყვის, რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია.
ჩვენ ველოდებით, რომ დილიდან საკომიტეტო მოსმენები იქნება, ამ საკომიტეტო მოსმენების პირობებში ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ პარლამენტის შიგნით იქნება თუ გარეთ, მწვავე იყოს ეს დღე. იქნება კიდეც იმიტომ, რომ სამშობლოს გვართმევენ და ფაქტობრივად უნდათ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ბოლომდე შეაფერხონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ასევე ნახეთ„არავითარი მნიშვნელობა არ აქვს 2024 წელს გაგიხსნიან მოლაპარაკებებს და 2030 წელს გახდები ევროკავშირის წევრი თუ 2025 წელს გაგიხსნიან“
მისივე თქმით, 29 აპრილს ხელისუფლების მიერ შეკრების დაანონსება პროვოკაციული ქმედებაა და ქუჩაში გამოსვლას ვერავის ვერ შეუზღუდავ.
„პროვოკაციული ხელისუფლების ქმედებაა. პარლამენტში დისკუსია იქნება ამ საკითხზე, სამუშაო პროცესი იქნება კანონთან დაკავშირებით და მე ხომ არ ვიტყვი, რომ არ მოვალ? მე არ ვაპირებ ამის თქმას. დანარჩენი, საზოგადოება რა პროტესტსაც გადაწყვეტს, იმას გადაწყვეტს. ყველას აქვს გამოხატვის უფლება.
თავიდან ბოლომდე რომ ხელოვნურია მათი შეკრება, ესეც ხომ ფაქტია? – ადამიანები ჩამოჰყავთ იძულებით. ქუთაისში უამრავმა ადამიანმა გვითხრა, როგორ იძულებით მოჰყავთ ადამიანები სამარშრუტო ტაქსებით.
არავის არ უნდა წამოსვლა, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, აიძულებენ, რომ მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებაში“. – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.