ბათუმში რამდენიმე თვეა, რაც სოციალური კაფე „სოციუმი“ გაიხსნა. ის მეწარმეთა განვითარების ცენტრის მიერ შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ ფარგლებში.
„სოციუმი“ მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ფუნქციონირებს კაფე, მაღაზია და ტრენინგ ცენტრი.
„სოციუმი“ მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. აქ მისულ ადამიანებს შეუძლიათ დააგემოვნონ კაფეს მენიუ ან შეიძინონ ნატურალური, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ეკომეგობრული სუვენირები და ნაკეთობები, ხელოვნების ნიმუშები.
ასევე, ადგილზე მისულ მომხმარებლებს შეუძლიათ, მეწარმეთა უნარების განვითარების მიზნით, დაჯავშნონ სივრცე საქმიანი შეხვედრებისთვის, ტრენინგებისთვის, პრეზენტაციებისთვის, ჩაატარონ საინფორმაციო შეხვედრები, მასტერკლასები და სხვა ღონისძიებები.
„სოციუმში“ ვიზიტით და მის გუნდთან თანამშრომლობით თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ადგილობრივი მეწარმეობის განვითარების და პოპულარიზაციის საქმეში.
აღსანიშნავია, რომ 24 მაისს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მასთან არსებული ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი 2024 ჩატარდა, სადაც ნომინაციაში „სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესში” ეკატერინე თარგამაძემ გაიმარჯვა, რომელიც „სოციუმის” თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელია.
ფორუმი თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ჩატარდა. მასში საქართველოს მასშტაბით 200-მდე დელეგატი მონაწილეობდა.
ფორუმის მიზანი იყო: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ქალი მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ბიზნესში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმა, მათი საქმიანობის პოპულარიზაცია და საქმიანი კონტაქტების დამყარება.
(R)