„ხელისუფლების მხრიდან ლევან ხაბეიშვილზე საუბარი უსინდისობაა, როდესაც მას სწორედ იმიტომ მოუწია პოლიტიკური პროცესებისგან დროებით გაცლა, რომ თავზე სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილისთვის სპეციალური სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსის გავლაა აუცილებელი.
„როგორც მან მითხრა, ექიმების რეკომენდაციით, ის რაიონ და სოფელ-სოფელ სიარულს ვერ შეძლებს, აუცილებელია სპეციალური სარეაბილიტაციო მკურნალობის კურსის გავლა, მათ შორის უცხოეთში.
„ქართული ოცნება“ ნიშნის მოგებით როგორ საუბრობს ლევან ხაბეიშვილზე, როცა დაკავებული არ არის ერთი დამნაშავეც კი, ვინც მოქალაქეს, პარლამენტის წევრს და მათ კოლეგას ფიზიკურად ნახევარი საათის განმავლობაში უსწორდებოდა.
მე არც ერთი „ქოცი“ არ მინდა, რომ იმ მდგომარეობაში ვნახო. როგორ ლაპარაკობენ ნიშნის მოგებით ლევან ხაბეიშვილზე, მაშინ, როდესაც თვითონ მიიყვანეს ეს ადამიანი იმ მდგომარეობამდე, რომ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.