„რუსულმა კანონმა“ ლარის კურსზე მძიმედ იმოქმედა და მისი მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს ბოლო ერთ თვეში, 168 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია – მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ცდილობს, დემაგოგიური განცხადებებით გადაეფაროს მთავრობას და ლარის გაუფასურება ერთჯერადი მოთხოვნის ზრდით ახსნას“ – აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკი არაადეკვატურად იქცევა – მაშინ, როდესაც არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, ე.წ. იაფი ფულის პოლიტიკას დაუბრუნდა.
გოცირიძე ამბობს, რომ „მოსალოდნელ შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, რომლის გამართლებასაც ეროვნული ბანკი ცდილობს“
„ასეთ ვითარებაში ეროვნული ბანკი არაადეკვატურად იქცევა. მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, ე.წ. იაფი ფულის პოლიტიკას დაუბრუნდა. ჯერ იყო და რეფინანსირების განაკვეთი კვლავ შეამცირა, შემდეგ დიდძალი მოცულობის რეფინანსირების სესხები გასცა კომერციულ ბანკებზე: 30 მაისს 3,8 მილიარდი ლარი (ისტორიული მაქსიმუმი), 6 ივნისს 3,7 მილიარდი ლარი. პარალელურად, 168 მილიონი დოლარი გაყიდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში (მათ შორის, 60 მილიონი დოლარი გუშინ) ლარის მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად (ანუ, უკან ამოიღო დაახლოებით 460 მილიონი ლარი).
ეროვნული ბანკი აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო მანიპულაციებს ეწევა. ამასობაში ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 5,2 მილიარდ დოლარიდან 4,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ადეკვატურობის ზღვარს საკმაოდ ჩამოსცდა. ამის თაობაზე ორი კვირის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება“ – განაცხადა გოცირიძემ.