ვინ იფიქრებდა, რომ ჯერ კიდევ აგვისტოში დაწყებული სარეკლამო კამპანია და სატელევიზიო პრომო, რომელიც Galaxy Note 7-ის საოცარ ფუნქციებსა და მის გამძლეობას უსვამდა ხაზს, კომპანიას მსგავსი საშინელების სახით შეუბრუნდებოდა უკან. ახალი გაჯეტის პირველი მფლობელებიდან დაიწყო და შემდეგ ჯაჭვური რეაქციით გაგრძელდა სმარტფონის ბატარეის მწყობრიდან გამოსვლის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება. შეიქმნა უამრავი ,,meme” და სატირული ხასიათის კოლაჟები, რომელიც Samsung-ის ახალი დივაისის დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული.
ალბათ ყველა ფიქრობს, რომ ისეთი დიდი კომპანიისთვის, როგორიც Samsung-ია, მსგავსი ,,ჩავარდნა’’ არც ისე მტკივნეული უნდა ყოფილიყო. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ უკან გაწვეულ უამრავ მოწყობილობასა და საჯარო ბოდიშს, რომელიც დაშვებული შეცდომის ერთგვარი აღიარება იყო, არც ისე უბრალო შეცდომასთან გვაქვს საქმე. ოფიციალური მონაცემებით Samsung-ის ზარალმა არც მეტი, არც ნაკლები 1 მლრდ. დოლარი შეადგინა.
მწარმოებლის გენერალურმა დირექტორმა ოფიციალურ განცხადებაში ისაუბრა უკან გაწვეული გაჯეტების ბატარეის ლაფსუსზე და მის ხელმეორე შემუშავებასა და იგივე მოწყობილობის ხელმეორე ჩაშვებაზე ორიენტირდა, თუმცა, როგორც ჩანს, შემდეგ გადაიფიქრა.
Samsung-მა არათუ შეაჩერა Galaxy Note 7-ის წარმოება, არამედ Note სერია გააუქმა და არავინ იცის განაახლებს თუ არა მის წარმოებას. IT გიგანტი აღნიშნულში ვიეტნამის ქარხანას ადანაშაულებს, სადაც აღნიშნული ,,ფაბლეტები’’ იწარმოებოდა.
ამერიკულმა ოპერატორებმა: AT&T, Verizon და T-mobile, ასევე შეაჩერეს Galaxy Note 7-ის გაყიდვები და წინასწარ შეძენილი სმარტფონები მწარმოებელს დაუბრუნეს.
როგორ განვითარდება მოვლენები, იმოქმედებს თუ არა ერთი დაშვებული შეცდომა კომპანიის რეპუტაციაზე არავინ იცის, თუმცა ანალიტიკოსების აზრით, მსგავსი ,,ჩავარდნა’’ ნებისმიერ კომპანიას შეიძლება დაემართოს და ეს არ იმოქმედებს კომპანიის სახელზე.