თბილისის ყველა ავტობუსში, უახლოეს მომავალში, უფასო WIFI-ით სარგებლობა იქნება შესაძლებელი.
გადაწყვეტილება სატრანსპორტო კომპანიამ, ქალაქის რამდენიმე ავტობუსში სატესტრორეჟიმში დამონტაჟებული უფასო WIFI-ის სატესტო რეჟიმის წარმატების ჩავლის შემდეგ მიიღო.
ამ დროისთვის, სატესტო რეჟიმი დასრულებულია და ავტობუსებში უფასო WIFI-ით სარგებლობის შესაძლებლობაც აღარ არის, თუმცა სატრანსპორტო კომპანიაში საკონკურსო პირობებს ადგენენ და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაზე აქტიურად მუშაობენ.
როგორც ”ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ლელა სეთურიძემ განუცხადა, კონკურსი ავტობუსებისWIFI-ით აღჭურვაზე, 2 თვეში გამოცხადდება.
უფასო WIFI-ით MAN-ის ახალი ავტობუსები აღიჭურვება. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, შემოსვლისთანავე, ეტაპობრივად მოხდება მათი აღჭურვა თუ ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ყველა ავტობუსი უკვე საქართველოში იქნება.
”არის საუბარი იმაზე, რომ ეტაპობრივად შემოსული ავტობუსების აღჭურვა მოხდეს, თუმცა შეიძლება ყველა ავტობუსის შემოსვლას დაველოდოთ და შემდეგ დავაყენოთ WIFI. ჯერჯერობით მუშაობის პროცესში ვართ და ეს გადაწყვეტილი არ არის”, – განაცხადა ”ფორტუნასთან” ლელასეთურიძემ.
რაც შეეხება ხარჯს, სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, რომ WIFI-ს მომსახურებას, თავად კომპანია დაფარავს და ეს მგზავრობის საფასურზე არ აისახება.
”სავარაუდოდ, ეს კომპანიის ხარჯი იქნება. ეს მგზავრობის საფასურზე არ უნდა აისახოს. ამ დრომდე, ამაზე საუბარი არ ყოფილა”, – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.