საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს ზომები, რომლის მიღებაც შესაძლებელია: ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება“.
მისივე თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.
„დღეს საორიენტაციო დებატებია, მაგიდაზე დავდებ სრულ ანალიზს, რისი გაკეთება შეგვიძლია და ამაზე მინისტრები იმსჯელებენ. ასე რომ, არ ელოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დღეს, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს ზომები, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული, მაგალითად, ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება. ჩვენ არ გვინდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალება, ჩვენ არ გვინდა სამოქალაქო პირებისთვის ტკივილის მიყენება.
ჩვენ ვაპირებთ ვიმსჯელოთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა იგივე გზას გააგრძელებს, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება და ქართული ხალხი გადაიხდის შედეგებს. ის ფაქტი, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება, გაუქმდება კიდეც. სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ევროკავშირის კარი არ იქნება ღია“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს გეგმას, სადაც განმარტებულია, რა შეიძლება გაკეთდეს მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა საქართველოში არ გაგრძელდეს ის, რაც ხდება.