ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ჟურნალ „გზასთან“ ოჯახის შექმნის და ქალიშვილის, ეველინის შესახებ საუბრობს.
იუმორი პირად ცხოვრებასა და ოჯახის შექმნაში თუ დაგეხმარათ?
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არა! იუმორი ყველაფერში მეხმარებოდა, მაგრამ ამ საქმეში არ გამომადგა. რატომ? – ჩემი მეუღლე, სალი ფუტკარაძე ძალიან სერიოზული ადამიანია. როცა ვუთხარი, მომწონხარ-მეთქი, ხუმრობა ეგონა და ისე გემრიელად გადაიხარხარა, როგორც ფატიმა იცინის ცნობილი ფილმის მეორე სერიაში. მასზე ცხრა წლით უფროსი ვარ, ლამაზი გოგოა, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, იმათ არ უყურებდა და ჩემზე სერიოზულად რატომ იფიქრებდა? თავიდანვე ვუთხარი, – ისეთი იღბლიანი ვარ, არ არსებობს ოცნება, რომელსაც არ ავისრულებ-მეთქი. სამი წლის შემდეგ მითხრა: მგონი, მართლა შენი იღბალი ჭრისო და ცოლობაზე დამთანხმდა. ოღონდ, ამისთვის რომ მიმეღწია, ყველაფერი გავაკეთე. მისი გულის მოგება მარტივი ნამდვილად არ იყო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ყველაფერი ღვთის ნებაა. 2016 წლის ნოემბერში დავქორწინდით და მეორე წელს ჩვენი პატარა ეველინი დაიბადა.
პირველი შვილი ბიჭი ხომ არ გინდოდათ?
პირიქით, სულ მინდოდა, გოგო მყოლოდა. ძალიან მიკვირს იმ კაცების, რომლებიც ვითომ „ღადაობენ”, გოგო შვილი არ არისო. ერთ სუფრასთან მოვხვდი, სადაც თამადამ თქვა: ორი შვილი მყავს და ერთი გოგოო. კინაღამ გადავირიე, ჯერ მეგონა ორი შვილი ჰყავს და ერთ-ერთი გოგოა-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორი ბიჭი და ერთი გოგო ჰყოლია… ერთი ამბავი დავაწიე – შვილზე ასეთი ხუმრობა როგორ შეიძლება-მეთქი?! ვეკამათე, მერე კი ავდექი და იმ სუფრიდან წამოვედი. ვერ წარმომიდგენია, კაცმა ბიჭი და გოგო შვილები ერთმანეთისგან როგორ უნდა გაარჩიოს? ჩემი გოგონა ჯერ 6 წლისაა, მაგრამ უკვე ვცდილობ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. იმ პროფესიას აირჩევს, რომელიც თავად ენდომება და მეც მხარში ამოვუდგები. მის პირად ცხოვრებაშიც წინასწარ არაფერს განვსაზღვრავ. როგორც დედაჩემი არ ჩარეულა ჩემს ცხოვრებისეულ არჩევანში, მეც ასე ვიქნები. 40 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი და დედაჩემმა საერთოდ არ იცოდა, რა ხდებოდა ჩემს პირადში. ხშირად ვამბობ, ჩვენი ოჯახი შუაგულ ევროპაში უნდა ცხოვრობდეს-მეთქი, რადგან ჩვენს ჭერქვეშ, გენდერული თანასწორობით დაწყებული, ურთიერთგაგების და შემწყნარებლობის ჩათვლით, უამრავი კარგი მაგალითი მაქვს ნანახი.