LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მტირალა ხართ, ქუჩის კატის მორალი გაქვთ.. თუ მესამე მსოფლიო ომი გინდათ, ნება მიეცით დონალდ ტრამპს, გაიმარჯვოს“ – ჯო ბაიდენის და დონალდ ტრამპის მწვავე დებატები და მთავარი საარჩევნო აქცენტები

183
დებატები

ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სამყარო დღეს ქვეყნის ორი მთავარი პრეზიდენტობის კანდიდატის დებატებს განიხილავს – აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ტელედებატები პირველად გაიმართა.

საპრეზიდენტო კანდიდატების დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა საიმიგრაციო კრიზისი იყო. ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის ომზე.

დებატებში, რომელიც CNN-ის მიერ იყო ორგანიზებული, პრეზიდენტობის კანდიდატებს ისეთ თემებზე საუბარი შესთავაზეს, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეებს აინტერესებთ – აბორტის უფლებები, უკანონო მიგრაცია, მაღალი ინფლაცია, სოციალური გამოწვევები და ბავშვების მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილებები და ა.შ.

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ „ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, და რომ ეს ომი არ დაიწყებოდა, მისი პრეზიდენტობის დროს“.

„რაც შეეხება რუსეთს და უკრაინას, ჩვენ რომ ნამდვილი პრეზიდენტი გვყავდეს, პრეზიდენტი, რომელსაც პუტინი პატივს სცემს, ის არასოდეს შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა ბევრი ადამიანი მკვდარია, იმაზე მეტი, ვიდრე ხალხმა იცის.

უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს. მათ ეწურებათ ჯარისკაცების რაოდენობა. ამდენი ხალხი დაკარგეს. მათ დაკარგეს დიდებული ქალაქები ოქროს ათასწლოვანი გუმბათებით,- ყველაფერი მისი [ჯო ბაიდენი] და მის მიერ მიღებული სულელური გადაწყვეტილებების გამო. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, რუსეთი არასოდეს დაესხმებოდა თავს უკრაინას.

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 200 მილიარდი დოლარი და მეტი გადასცა, ეს არის ბევრი ფული, ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ქვეყანაში ზელენსკი ჩამოდის, ის მიდის 60 მილიარდი დოლარით, ის არის ყველაზე დიდი ვაჭარი. მე მოვაგვარებ ომს პუტინსა და ზელენსკის შორის, როგორც არჩეული პრეზიდენტი. მანამ, სანამ 20 იანვარს თანამდებობას ოფიციალურად დავიკავებ, ეს ომი მოგვარებული მექნება“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა ბაიდენის სამხედრო პოლიტიკას სიგიჟე უწოდა და თქვა, რომ ჯო ბაიდენს ქვეყანა მესამე მსოფლიო ომისკენ მიჰყავს.

„ჩვენ უფრო ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ჩვენ ძალიან, ძალიან ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან და ის მიგვიყვანს იქამდე“, თქვა ტრამპმა, რის საპასუხოდაც ჯო ბაიდენმა აღნიშნა:

„თუ გსურთ მესამე მსოფლიო ომი, ნება მიეცით მას [დონალდ ტრამპს] გაიმარჯვოს. და კიდევ, თუ ომი გინდათ, უბრალოდ ნება მიეცით პუტინს, წინ წავიდეს და კიევი აიღოს, ნახავთ, რა მოხდება პოლონეთში, უნგრეთში და საზღვრის გასწვრივ სხვა ადგილებში, მაშინ თქვენ გექნებათ ომი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტობის კანდიდატებმა ერთმანეთის მისამართით დამამცირებელი ფრაზებიც არ დაიშურეს:

ბაიდენმა ტრამპს მტირალა უწოდა და აღნიშნა, რომ ის არჩევნების შედეგების მიღებას ვერ შეძლებს:

„მტირალა ხარ, როდესაც პირველად წააგე, განაგრძე გასაჩივრება სასამართლოებში ქვეყნის მასშტაბით, ამერიკის არცერთ სასამართლოს არ უთქვამს, რომ რომელიმე სარჩელს საფუძველი გააჩნია, არც შტატისას, არც ადგილობრივს, არავის, მაგრამ განაგრძე ამ სიცრუის პროვოცირება. ამიტომ, ვეჭვობ, შედეგების მიღებას შეძლო, რადგან მტირალა ხარ. შენ წაგების ატანა არ შეგიძლია. შენში რაღაც გატყდა, როდესაც წინა არჩევნები წააგე“ – უთხრა ბაიდენმა ტრამპს და დასძინა რომ მას „ქუჩის კატის მორალი აქვს“.

დებატების დროს, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ როგორც კი თანამდებობას დატოვებს, შესაძლოა, ბაიდენი მსჯავრდებული გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g