LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Politico: „ტრამპის გუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად „კრემლთან გარიგების“ ვარიანტს განიხილავს, რაც NATO-ში გაწევრებაზე უკრაინისა და საქართველოსთვის უარის თქმას და უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ნიშნავს“

156
დონალდ ტრამპი

გავლენიანი გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის ექსპრეზიდენტისა და ამჟამად, პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპის გუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად „კრემლთან გარიგების“ ვარიანტს განიხილავს, რაც NATO-ში გაწევრებაზე უკრაინისა და საქართველოსთვის უარის თქმას და უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას ნიშნავს.

სტატიაში, რომელსაც Politico აქვეყნებს, NATO-სთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გეგმებზეა საუბარი.

გამოცემა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან დაახლოებულ ეროვნული უსაფრთხოების ორ ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ NATO-სთან დაკავშირებით არსებულ გეგმებში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

POLITICO-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპის გუნდის გეგმის ნაწილი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას ითვალისწინებს, რაც ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრებას გამორიცხავს, ასევე, გეგმა მოიცავს ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებს იმის შესახებ, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილი შეიძლება დარჩეს მოსკოვის კონტროლის ქვეშ.

როგორც Politico წერს, ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ექსპერტის ცნობით, დონალდ ტრამპი „ასეთი იდეებისთვის ღიაა“, მაგრამ მაგიდაზე სხვა ვარიანტებიც დევს, მათ შორის ის, რომ აშშ უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან დებატებში განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულება საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, თანამდებობის ოფიციალურად დაკავებამდე შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g