„ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას უკავშირდება, მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება“ – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნული განცხადებით მინისტრმა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.
ჩიქოვანის თქმით, საერთაშორისო სწავლებები სასარგებლო ღონისძიებაა როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის.
„მეორე მხრივ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებები, მათ შორის, სწავლებები, რომლებშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ქვედანაყოფები, არის სასარგებლო ღონისძიება როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის და ასევე ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომლებიც ამ წვრთნებში მონაწილეობენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ და ასევე ვემზადებით წვრთნებისთვის, რომელიც 2025 წელს გვაქვს დაგეგმილი“ – აღნიშნა ჩიქოვანმა.