ჩემგან გაიგებთ პირველად დღეს…„ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებს მონაწილოებას, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის საარჩევნო კამპანიის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც „ხალხის ძალა“ ჰქვია და ეს მისალმებაც, მათ შორის, შემთხვევითი არ არის, იმიტომ, რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად დღეს, გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩვენებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილოებას.
ეს იქნება არჩევნები, სადაც ან სიკეთე, სიმართლე, პატრიოტიზმი, ეროვნული ძალა, ქართული იდენტობა და ტრადიციები, მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა, სიმართლე, ჭეშმარიტი ქრისტიანული, ევროპული გზა გაიმარჯვებს, ან… და მეორე ან აქ აღარ არსებობს, არ არსებობს მეორე ან, რადგან ამ ქვეყანას ფიზიკური და სულიერი განადგურება ნამდვილად არ უწერია! პირიქით, ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდებით! ჩვენი ქვეყნის ისტორია არის ეს!
ჩვენ არასდროს მივატოვებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს და ქართველ ხალხს. დარწმუნებულები ვართ, რომ ვერავინ მოატყუებს მათ და ქართველი ხალხიც ბოლომდე დაგვიდგება გვერდით ამ უთანასწორო ბრძოლაში, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ წელს, იმ არჩევნებზე, რომელსაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, როგორც 2012 წლის არჩევნებს“, – განაცხადა მდინარაძემ.