„მეგობრებო, ახლობლებო და გულშემატკივრებო! უთხარით თქვენს მეგობრებს, მეზობლებს, ახლობლებს, რომ რაც დღეს მოვისმინეთ, არ არის ის, რისთვისაც დამოუკიდებელი საქართველო იბრძვის“, – ამის შესახებ პიანისტი გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებას ეხმიანება.
„არ არის ჯანსაღი, დღეს ,,ქართული ოცნების” ამომრჩეველი იყო. არ არის. არ არის ნორმალური მოგწონდეს ის, რასაც ისინი აკეთებენ დღეს. ყველა კარი ჩაგვიკეტეს და ნახევარი საათის წინ რეპრესიები დააანონსეს.
არჩევანი არის გასაკეთებელი უპერსპექტივობასა და განვითარებას შორის.
თქვენი შვილებისთვის მაინც გააკეთეთ ეს, სულ თუ არავისთვის.
და მერწმუნეთ, თუ თქვენი შვილის მომავლის გამო ოქტომბერში არ შემოხაზავთ 41-ს, ძალიან მალე მიხვდებით, რომ არა მხოლოდ თქვენი შვილისთვის, არამედ თქვენი კეთილდღეობისთვისაც გააკეთეთ ეს.
იმიტომ, რომ უნდა ვიცხოვროთ ერთად საქართველოში, სადაც განსხვავებული აზრის გამო კი არ გცემენ, გბლოკავენ, გირტყამენ და საშინელებებს გაბრალებენ, არამედ იქ, სადაც ნებისმიერი ხელისუფალი, რომელიც ჩვენს განვითარებას და მომავალს ჩაკეტავს და საფრთხის ქვეშ დააყენებს, პასუხს უნდა აგებდეს და უნდა წავიდეს!
და თუ მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ჩვენ ნელ-ნელა გვეყინება ევროპული მომავლის გარანტია, ეს უნდა დავიჯეროთ და არა ის, რომ მათ ,,გლობალური ომის პარტია” და მსგავსი სისულელეები ვეძახოთ. (ვითომ და არ ვამჩნევდეთ ნახევარი საქართველო პურის ფულისთვის რომ შრომობს. ზოგს ამის საშუალებაც არ აქვს.)
წაიკითხეთ რა ფული ჰქონდა გამოყოფილი ევროკავშირს ჩვენს დასახმარებლად, და ნუ ამბობთ რომ ეს ტყუილია.
გააგებინეთ თქვენს ახლობლებს, რომლებიც ჯერ კიდევ ,,ქართულ ოცნებას” უწონებენ ყველა საქციელს, რომ არ არის ნორმალური რაც დღეს საქართველოში ხდება. და ეს არის ახალგაზრდების დაღუპვა. მათი შვილების და შვილიშვილების!“, – წერს გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში.
მეგობრებო, ახლობლებო და გულშემატკივრებო!! უთხარით თქვენს მეგობრებს, მეზობლებს, ახლობლებს, რომ რაც დღეს მოვისმინეთ არ…
Posted by Gigashvili Giorgi on სამშაბათი, 16 ივლისი, 2024
შეგახსენებთ, 16 ივლისს „ქართულმა ოცნებამ” ახალი ცენტრალური ოფისი გახსნა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ღონისძიებას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.
პარტიის ლიდერების განცხადებებს ვრცლად გაეცნობით აქ:
„სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ“ – ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას ესწრებოდნენ სპორტსმენები, მსახიობები, ტელეწამყვანები და მომღერლებიც.
„მინდა, რომ მშვიდობა იყოს საქართველოში“ – მანანა თოდაძე კითხვაზე, რატომ უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“