იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
დღესვე, დეპუტატები კანონპროექტზე რიგგარეშე პლენარულ სესიაზე იმსჯელებენ და კენჭს უყრიან.
პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება. კერძოდ, „სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებული პირები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან სასჯელი 1/2-ით ან 1/4-ით შეუმცირდებათ. გარდა ამისა, სასჯელის 1/6-ით შემცირება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 225 მუხლს შეეხება.
ამნისტია არ შეეხება – მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს, ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
ამასთან, „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დაახლოებით 7 000 პირს პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებს. მეორე-მესამე მოსმენით განხილვა საშემოდგომო სესიის ფარგლებში გაგრძელდება.