LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰელსინკის კომისია ენტონი ბლინკენს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

145
ჰელსინკის კომისია

ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

წერილს, რომელსაც ხელს კონგრესმენები ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვისი აწერენ, მედია ავრცელებს.

„ჩვენ ამ წერილს გწერთ, რათა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უფრო სასწრაფო და გადამწყვეტი მოქმედებისკენ მოგიწოდოთ. ჩვენ მივესალმებით თქვენ მიერ ბოლოდროინდელ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს და გვჯერა, რომ ეს თბილისში მზარდი ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ გადადგმული ძლიერი ნაბიჯია. თუმცა, ადგილზე განვითარებული მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვეუბნება, რომ საქართველოს მოსახლეობის დასაცავად სასწრაფოდ მეტის გაკეთებაა საჭირო“, – წერენ კონგრესმენები.

კომისიის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დრო დადგა.

„მიგვაჩნია, დადგა დრო, რომ დაიწყოს ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესების პროცესი საქართველოში არსებული კორუფციისა და ბოროტი გავლენის ძირითადი კერების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ცხადი უნდა გახდეს, რომ საქართველოში ანტიდასავლურ ელემენტებთან კავშირში მყოფი კორუფციისა და ბოროტი გავლენის მთავარი აგენტები ქართველ ხალხზე თავისუფლად ნადირობასა და მის დემოკრატიაზე სურვილისამებრ თავდასხმას ვერ შეძლებენ. საგარეო საქმეთა კომიტეტში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მდივნის, ჰაკის ჩვენების პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, ყველა ინსტრუმენტი მაგიდაზეა. ახლა ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ“, – აცხადებს ჰელსინკის კომისია.

ასევე, ჰელსინკის კომისია სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ იმოქმედოს.

„გარდა ამისა, ჩვენთვის ცნობილია, რომ შავი ფულის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც „ქართული ოცნების“ უწესრიგო და მავნე მფარველობის სისტემას მხარს უჭერს, მოდის თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან, რომლებიც მთელ მსოფლიოში, ზოგიერთი მათგანი კი მეგობარ სახელმწიფოებში მდებარეობს – რომლებიც ძირითადად თაღლითური და უკანონო საქმიანობის საფუძველზე მოქმედებენ. აღნიშნული ქოლ-ცენტრები, როგორც ჩანს, საქართველოში კორუმპირებულ აგენტებსა და რუსეთში მათ სხვა კლეპტოკრატ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის კერებს წარმოადგენენ და სავარაუდოა, რომ იგივე ქოლ-ცენტრები სხვადასხვაგვარად იქნა მობილიზებული საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების წევრების, დემოკრატიის აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციისა და მათი ოჯახების შევიწროებისა და დაშინების მიზნით. ასევე, უკანონო შემოსავალი, რომელსაც ისინი გამოიმუშავებენ, საქართველოში, რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული სხვადასხვა კორუფციული ქსელის ძირითადი წყაროა და ხელს უწყობს პოლიტიკური ეკონომიკის შემაშფოთებელი სისტემის შენარჩუნებას, რამაც საქართველოში ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური შემობრუნება გამოიწვია. ასევე სავარაუდოა, რომ იგივე ქსელები შემოსავლის წყაროებს წარმოადგენენ, რომლებიც რუსულ კორუფციულ ქსელებს ხელს უწყობს და სანქციების თავიდან არიდების სისტემებს შესაძლებელს ხდის. ამიტომ, გვჯერა, რომ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-სთან და მეგობარ უცხოურ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, მიიღოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემატური ზომები ამ ქოლ-ცენტრების ქსელების წინააღმდეგ და სხვა მსგავს საერთაშორისო ძალისხმევას მიმართოს მათი ოპერაციების განადგურების ან ჩაშლის მიზნით“, – ნათქვამია წერილში.

კონგრესმენების განცხადებით, კონგრესი მხარდაჭერისთვის მზად არის.

„გვჯერა, რომ ეს ქმედებები ჩვენს კანონპროექტს, საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტს, „MEGOBARI აქტს“, შეავსებს. აღნიშნული კანონპროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს“, – აცხადებენ კონგრესმენები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g