LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Flydubai ფრენებს ბათუმის მიმართულებით იწყებს

24

არაბთა გაერთიანებული საემიროების წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს. დუბაი-ბათუმი-დუბაის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია 2017 წლის 22 ივნისიდან 30 სექტემბრამდე გეგმავს. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვის მიღების მიზნით, Flydubai-იმ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე მომართა.

როგორც ”ფორტუნას” სააგენტოდან აცნობეს, მათთვის მოწოდებული განაცხადის მიხედვით რეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ინტენსიურ კონსულტაციებს აწარმოებს სააგენტოსთან და „ტავ ჯორჯია ბათუმთან“ ნებართვის მინიჭებისა და აეროპორტის დროის განრიგების (სლოტების) გამოყოფის საკითხებზე.

შეგახსენებთ, „Flydubai“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა. ავიაგადამზიდველი სტაბილურად ოპერირებს დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე და 2016 წლის შეჯამებული მონაცემებით მისი წილი საქართველოს ავიაბაზარზე გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის მიხედვით 6%-ია. რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებს და ოთხომოცდაათამდე საერთაშორისო მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები