ზუგდიდში მომხდარ შემზარავ ტრაგედიას, სადაც საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა გიორგი კეკელიძე ეხმაურება.
კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საზოგადოებას უნდა მოუყვეს იმ ბავშვებზე, რომელთაც ვერასდროს ვხედავთ
ან ვხედავთ და ვერასდროს ვამჩნევთ:
„მინდა მოგიყვეთ იმ ბავშვებზე,
რომელთაც ჩვენ ვერასდროს ვხედავთ
ან ვხედავთ და ვერასდროს ვამჩნევთ.
ამიტომაც ეს სიმღერა იქნება მკაცრი,
მკაცრი და საზარელი.
მინდა მოგიყვეთ იმ ბავშვებზე,
რადგან წუხელ მეათასედ სიზმრად ჩამყვა მათი მზერა და სიზმრები დამიბზარა და ახლა თქვენთვის ამ ბზარიდან გადმონადენ სიმართლეს ვხვეტავ:
სხვანაირია ამ ბავშვების გაკვეთილი,
სხვანაირია მათი სახელმძღვანელო,
სხვანაირია მნიშვნელობები.
შიმშილი ნიშნავს საზეპიროს – საღამოობით რომ სწავლობენ და დილაობით იმეორებენ – ფხიზელ გონებაზე!
სიცივე ნიშნავს – ძნელად გასაგებ რამდენიმე, განაცვეთ საბანს, ერთმანეთზე გადაბმულს და რთულად თანწყობილს, რომლიდანაც შინაარსი დაძალებით უნდა გაიგო და ცოტა აზრი გამოიტანო!
ქარი ნიშნავს არა ფოთლებს, ჭრელ ქუჩებში გადაფენილს,
არამედ : სახურავზე გადამძვრალ ლითონს
და წვიმა ნიშნავს არა მუსიკას, ღამით ტკბილად რომ ჩაგაძინებს,
არამედ ტაშტებს, სახურავიდან ჩამონადენი წყალი რომ უნდა ხშირად გამოუცვალო!
ველოსიპედი ნიშნავს მეზობლის ველოსიპედს,
სათამაშო ნიშნავს მეზობლის სათამაშოს
და საღეჭი რეზინი ნიშნავს
საკუთარ საღეჭ რეზინს, რომელიც თავთან გიდევს წყლიან ჭიქაში,
რომ ხვალაც ღეჭო,
ზეგაც ღეჭო,
მაზეგაც ღეჭო!
ტანსაცმელი ნიშნავს გამონაცვალს,
რომელიც თვეში ერთხელ მე და შენ მიგვაქვს,
ნიშნავს სურათებს, რომელთაც ვიღებთ ფუთებით ხელში,
ნიშნავს ამ ტანსაცმელში ნაპოვნ ოცთეთრიანს,
რომელიც ჩაგვრჩა და არც კი გვახსოვს,
როგორც ხვალ დილით ეს ბავშვები,
რომლებიც ჩვენი ჩადენილ სიკეთისთვის ნაწყალობევ ტაშად დავახურდავეთ.
ნატვრა ნიშნავს სამუდამო საშემოდგომოს,
ხოლო სიხარულს მათთვის არ აქვს მნიშვნელობა,
რადგან ეს გაკვეთილი უფროსებმა ამოიღეს და ამ ბავშვებს არასოდეს გაუვლიათ –
არც სახლში და არც სკოლაში!
მინდა მოგიყვეთ ამ ბავშვებზე,
მოგიყვეთ და შეგახსენოთ,
რომ ბავშვობის ოცნებები მხოლოდ ბავშვობისას ხდება
და არასდროს არ ხდება სხვა დროს –
როცა გაიზრდება და ფულს იშოვის,
მაშინ ვეღარ გააცოცხლებს ამ ოცნებებს.
მოგიყვეთ და შეგახსენოთ –
ეს ბავშვები ყველა ქალაქში და სოფელში გვხვდება,
უბრალოდ გვხვდება უმნიშვნელოდ,
რადგან მათი მკაცრი და საშინელი მნიშვნელობები
უცხოა ჩვენთვის,
რადგან რთულია მათი მზერის გეომეტრია,
მათი დარდის მათემატიკა.
მოუყევით ეს ამბავი დღეს ერთმანეთს,
ხვალ ერთმანეთს,
ზეგ ერთმანეთს,
მოუყევით, რადგან ათასში ერთს მაინც ექნება ეს გაკვეთილი გავლილი,
ექნება
და გაახსენდება“ – წერს კეკელიძე.
მინდა მოგიყვეთ იმ ბავშვებზე, რომელთაც ჩვენ ვერასდროს ვხედავთ ან ვხედავთ და ვერასდროს ვამჩნევთ. ამიტომაც ეს სიმღერა…
Posted by გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2024