ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ალბანეთთან მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
გიორგის თქმით, დღევანდელი მატჩი წარმატებით დაასრულეს, თუმცა ამაზე არ გაჩერდებიან და ბევრად უკეთესს თამაშს გვაჩვენებენ.
„ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმ ხალხს, რომელიც ჩვენს საგულშემატკივროდ მოვიდა. დღეს ჩვენ ეს შევძელით, მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით. მოგვიწევს უკან დაბრუნება და უკრაინასთან უფრო მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ.
ბავშვობაში რომ ვინმეს ეთქვა ეროვნულ ნაკრებში გოლებს გაიტანო, ალბათ არ დავუჯერებდი. თუმცა არასდროს უნდა დანებდე, უნდა იშრომო შენი მიზნებისთვის და აუცილებლად აგიხდება. მადლობა ღმერთს რომ დღევანდელი დღე დადგა და ამაზე არ გავჩერდებით.
ჩემი გოლის აღნიშვნა კაპიტან ამერიკისგან ავიღე, ჩვენი ბავშვობის ისტორია ერთმანეთს ჰგავს. ბავშვობაში ყველა მეუბნებოდა, რომ სუსტი ვიყავი და ევროპული ფეხბურთისთვის მზად არ ვიქნებოდი. თუმცა ვფიქრობ, ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ ამ დონეზე თამაში შემიძლია. შეუპოვარი ვარ, ძლიერი ვარ და გავაგრძელებ ბრძოლას“, – საუბრობს გიორგი ქოჩორაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ალბანეთის ნაკრები სტუმრად ანგარიშით 0:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებიდან შესანიშნავი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.