LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით, იუსტიციის სახლის სერვისებით უკვე 120 000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა

803
გვანცა-თაბუკაშვილი

„იუსტიციის სახლის სერვისების მიწოდების ხელმისაწვდომობა მზარდია, მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით უკვე 120 000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა“, – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ იუსტიციის სახლების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ  გვანცა თაბუკაშვილმა ისაუბრა.

რამდენი სერვისის მიწოდება შეიძლება მობილური იუსტიციის სახლის პროექტით?

„მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც ადგილზე აწვდის 500-მდე სერვისს იმ სოფლების მოსახლეობას, რომლებიც დაშორებულია რაიონული ცენტრებიდან და იუსტიციის სახლებიდან. აღსანიშნავია, რომ პროექტი სამი წლის წინ პირველად აჭარის რეგიონში დაიწყო და მცირე დროში მთელი საქართველო დაფარა. 

რა სერვისების მიღება შეუძლია მოსახლეობას?

იუსტიციის სახლი ყოველთვის თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა მოქალაქეს სერვისების მიწოდების თვალსაზრისით. შესაბამისად, მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით, ადგილობრივებს პირდაპირ სახლის კართან იმ 500-მდე სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, რომლის მიღებაც იუსტიციის სახლშია შესაძლებელი.

რომელი რეგიონები მოიცა პროექტმა?

მობილური იუსტიცია მიდის ყველგან, მათ შორის იმ სოფლებშიც, სადაც მხოლოდ რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. დღეისათვის კახეთის, შიდა ქართლის, გურიის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს მოიცავს. ახსენეთ, რომ პროექტის დაწყებიდან დღემდე, მობილური იუსტიციის სახლის სერვისებით 120 000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა. 

როგორ იგებს მოსახლეობა მობილური იუსტიციის სახლის ვიზიტის თაობაზე?

მობილური იუსტიციის სახლის მარშრუტის განსაზღვრისას, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან. სწორედ მათი რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უწყვეტი კომუნიკაციით მოსახლეობა მარტივად იღებს ინფორმაციას მობილური იუსტიციის სახლის შესახებ. პროექტის ერთ-ერთი უპირატესობა რეგულარულობაცაა. ეს მოსახლეობას საშუალებას აძლევს წინასწარ იცოდეს, რომ მის სოფელში მოძრავი იუსტიციის სახლი, მაგალითისთვის, ყოველ ორშაბათ 10:00 საათზე, მივა. რეგულარულობის დაცვა მნიშვნელოვნად ამარტივებს „მობილურ იუსტიციის სახლთან“ ვიზიტის დაგეგმვას, განსაკუთრებით, ისეთ სეზონზე, როდესაც სოფლის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულება უწევს.

აქტიურად სარგებლობენ თუ არა ამ შესაძლებლობით მომხმარებლები?

მომხმარებელთა დაინტერესება მაღალია. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ისიც, რომ თავდაპირველად საპილოტე რეჟიმში გაშვებული ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა და დღეს უკვე 20 მობილური იუსტიციის სახლი ემსახურება საქართველოს ყველა რეგიონს. მიმდინარე ეტაპზე, ყოველ კვირაში უწყვეტ რეჟიმში ვემსახურებით საქართველოს, პროექტმა დაწყების დღიდან დღემდე 130 -ზე მეტი სოფელი მოიცვა და უკვე 120 000-მდე დაინტერესებულ პირს მივაწოდეთ სასურველი სერვისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g