LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თამადა“: „ირგვლივ უიმედობა, უსიცოცხლობა და მოტივაციისგან დაცლა სუფევს. ეს კი იმ მოვლენების ადეკვატური შედეგია, რაც ბოლო წლების განმავლობაში გავიარეთ – მსურს ცვლილება! საკმარისია კლანური მმართველობა, რომლის გაკეთილშობილება წარმოუდგენელია!“

148
ლაშა ჩხაპელია - „თამადა“

მუსიკოსი ლაშა ჩხაპელია, სასცენო სახელით – „თამადა“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, მისი სურვილი ცვლილებებს უკავშირდება, ქვეყანაში კი „კლანური მმართველობა საკმარისია“:

მეგობრებო!

ერთი სადღეგრძელოთი გავკადნიერდები!

მინდა იმით დავიწყო, რომ ირგვლივ ასეთი აქტივობა და არჩევნების მოლოდინი ძალიან მახარებს.

ბოლო პერიოდის პოლიტიკური პროცესებიდან განზე დგომისა და ცივი გონებით დაკვირვების შემდეგ, თავს ვალდებულად ვთვლი ჩემ მეგობრებს, მსმენელებს და გამვლელ-გამომვლელებს (როგორი თვალითაც გაგიხადეთ, ისე შემომხედეთ, მე მაინც დაგლოცავთ) გავუზიარო ჩემი აზრი.

ყველა ჩემმა მეგობარმა კარგად იცის, თუ როგორ მძაგს ფანატიზმი, რადგან ვთვლი, რომ რამე საგანზე, მოძრაობაზე, ადამიანზე, იდეოლოგიაზე გაფანატება, პირველ რიგში ამ ჩამოთვლილ სუბიექტებს უკლავს განვითარების საშუალებას.

ჩვენ ქართული დროებაში კი სრული გაგებით წარმოგვესახება ფანატიზმი, რომელიც უკვე დიდი ხანია ძალიან ბევრი მიმართულებით ახშობს საზოგადოების განვითარებას.

დამტკიცებული ფილოსოფიურ-მეცნიერული ფაქტია, რომ სიცოცხლე მოძრაობა და ცვალებადობაა. სიცოცხლე კი ყველაზე ფასეული.

ირგვლივ უიმედობა, უსიცოცხლობა და მოტივაციისგან დაცლა სუფევს. ეს კი იმ მოვლენების ადეკვატური შედეგია, რაც ბოლო წლების განმავლობაში გავიარეთ. ესე იგი, ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, ან არ ვაკეთებთ პირდაპირ აისახება ჩვენ ყოველდღიურობაზე.

არ დავიწყებ იმის მტკიცებას, ვინ სად მიგვაქანებს, ვის რა გეგმები აქვს, ვინ რა ხერხებს მიმართავს ჩვენი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. მგონია, ქაოსისგან ოდნავ გამოწევა და გაჩერებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ყველა ყველაფერს მივხვდეთ და ჩვენ გულს მივენდოთ.

მე მსურს ცვლილება!

მე ვთვლი, რომ საკმარისია კლანური მმართველობა, რომლის გაკეთილშობილება ძალიან დაგვიანებული და წარმოუდგენელია!

მე მსურს დღის წესრიგის შემქმნელების ფანატიკოსებისგან დაცლა!

მე მსურს კოალიციური მმართველობა და ეს ჯერ კიდევ რეალური შესაძლებლობაა!

მე მსურს იმ იმედის დაბრუნება, რა იმედითაც ვიზრდებოდით!

არაფერია საშიში იმაში, რომ სიცოცხლე, მოძრაობა და ცვლილება გინდოდეს!

გაუმარჯოს სიცოცხლეს, გაუმარჯოს იმედს, გაუმარჯოს ცვლილებას, გაუმარჯოს ჩვენ საყვარელ საქართველოს!“ – წერს „თამადა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g