LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 4 მოთამაშით შემცირდა: ავსტრია ტელევიზორში იქნება

39

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 4 კალათბურთელით შემცირდა. სლოვენიური შეკრება ახლოვდება და ნაკრები 28 ივლისს ავსტრიაში, ამხანაგური მატჩის გასამართად მიემგზავრება, სადაც ჩვენი გუნდი 14 კალათბურთელით ჩავა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, შეკრება დატოვეს და დღეს თბილისში გამოემგზავრნენ ნოდარ გოგოძე, ოთარ ფხაკაძე, კახა ჯინჭარაძე და გიორგი შარაბიძე.

ეს კალათბურთელები ზუროსმა რუსეთის სტუდენტურ ნაკრებთან არ ათამაშა. მატჩის შემდეგ ბერძენი მწვრთნელი ზემოთ ჩამოთვლილ კალათბურთელებს ესაუბრა, შეკრებაზე გამოჩენილი მონდომებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ეროვნულ ნაკრებში 14 კალათბურთელია: გიორგი ცინცაძე, გიორგი გამყრელიძე, მაიკლ დიქსონი, მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, დუდა სანაძე, ანატოლი ბოისა, მიხეილ ბერიშვილი, თორნიკე შენგელია, ილია ლონდარიძე, ბექა ბურჯანაძე, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე.

ამ შემადგენლობით ნაკრები ობერვარტში 28 ივლისს ჩავა და 12 მათგანი ავტრიასთან მატჩის განაცხადში დაიკავებს ადგილს. გაფართოებული შემადგენლობიდან კიდევ ვინ დატოვებს ნაკრებს და როდის, ამას მწვრთნელთა შტაბი ილის ზუროსის ხელმძღვანელობით გადაწყვეტს. ეროვნულ გუნდს 7 აგვისტოს, თბილისში დაბრუნები შემდეგ ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია შეუერთდება.

 

ავსტრია-საქართველო პირდაპირ ეთერში

სასიამოვნო ინფორმაცია კალათბურთის მოყვარულთათვის. 29 ივლისს, ქალაქ ობერვარტში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩს: ავსტრია – საქართველო, პირდაპირ ეთერში აჩვენებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი:

 

შეგახსენებთ, რომ მატჩი 29 ივლისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები