„გახარია საქართველოსთვის“ არჩევნების შედეგების საპროტესტოდ რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციას უერთდება.
პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, იქნებიან იქ, სადაც მათი მხარდამჭერები.
„ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ისევე როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების განცხადებები, რომ თუ სისტემური დარღვევები არ იქნება სათანადოდ გამოძიებული, ვერავინ და ვერასდროს დაამტკიცებს და ახსნის, რომ ის მანიპულაციის სქემები, რომელიც გამოყენებული იქნა, სისტემურად არ მოქმედებდა არჩევნების შედეგებზე.
ეს არის ის ძირითადი და წინა ხაზი, სადაც დღეს მიმდინარეობს მთავარი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისა და არჩევნების, როგორც სამართლიანი ინსტიტუტის გადარჩენისთვის და ჩვენ აქ ვიბრძვით 24 საათის განმავლობაში.
საპროტესტო აქციაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამყარდეს და რა თქმა უნდა, ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან, ყოველთვის, როგორც ვიყავით აქამდე და ვიქნებით მომავალშიც“, – განაცხადა გახარიამ.