ნიურბურგრინგის ყველაზე სწრაფი ოთხკარიანი ავტომობილი ჩინური xiaomi გახდა. ლეგენდარულ გერმანულ ტრასაზე ახალი რეკორდის შესახებ თავად მწარმოებელმა განაცხადა და როგორც კომპანია ირწმუნება – პროტოტიპმა SU7 Ultra-მ ტრეკი 6 წუთსა და 46,874 წამში გაიარა. ეს მაჩვენებელი სერიულ ელექტრომობილთა შორის ყველაზე სწრაფი შედეგია. თუმცა, მანამ სანამ Xiaomi-ს ჰიპერქარის სერიული ვერსია ბაზარზე გამოვა, მისი სხვა ავტომობილებთან შედარება კორექტული არ იქნება.
Xiaomi აპირებს, რომ სერიული SU7-ის შესახებ სრული ინფორმაცია უახლოეს მომავალში გაასაჯაროოს. მანამდე კი პროტოტიპის გარკვეული მახასიათებლებია ცნობილი: მოძრაობაში მოდელი 3 ძრავიან აგრეგატს მოჰყავს, რომლის სიმძლავრეც 1548 ცხენის ძალაა. 0-დან 100 კილომეტრამდე ჰიპერქარი 1,97 წამში ხურდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე 300 კილომეტრი საათშია და ამ სიჩქარის ასაკრეფად 15,07 წამი სჭირდება.