LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – „დარწმუნებული ვარ, წმინდა ილია მართალი იყურება ზეციური საქართველოდან და ხარობს იმის შემყურე, რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულს, დამოუკიდებელს“

125
შალვა პაპუაშვილი

„ამ ღირსშესანიშნავ დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა ილია მართალი იყურება ზეციური საქართველოდან და ხარობს. ხარობს იმის შემყურე რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულს, დამოუკიდებელს, ფეხზე მდგომს, წინ მავალს, საკუთარი ბედის მჭედელს და საიმედო ხელში მყოფს.“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ილიაობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ახალგაზრდა ილიამ მოახერხა მარადიული ფორმულით – მამული, ენა, სარწმუნოება – გამოეხატა ის არსი, რაც ასე ნათლად აღწერს სრულიად საქართველოს, გვახსენებს ვინ ვართ ჩვენ, ვინ ვიყავით გუშინ და ვინ უნდა ვიყოთ ხვალ.

„187 წლის წინ საქართველოს მოევლინა ადამიანი, რომელსაც ურთულეს დროში, ბობოქარი იმპერიების აღზევებისა და ერთა ასიმილაციის ხანაში, ათასობით წლის განმავლობაში ნაომარ, ნაშრომ, წინაპართაგან დატოვებულ მიწაზე თავიდან უნდა განესაზღვრა თუ რას ნიშნავს იყო ქართველი, როგორ უნდა ვიცხოვროთ ინდუსტრიული ტექნოლოგიების ცვლილების დროში და სადაა ის სხვა ვარსკვლავი, რომელსაც უნდა მივდიოთ. ამ ღირსშესანიშნავ დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ წმინდა ილია მართალი იყურება ზეციური საქართველოდან და ხარობს. ხარობს იმის შემყურე, რომ ხედავს თავის მამულს დაცულს, სუვერენულს, დამოუკიდებელს, ფეხზე მდგომს, წინ მავალს, საკუთარი ბედის მჭედელს და საიმედო ხელში მყოფს. ის სამი ღვთაებრივი საუნჯე, რომელიც წინაპართაგან მიიღო სრულიად საქართველომ, რომელსაც მოუარა, მიხედა, ააღორძინა და ჩვენ გადმოგვცა ილია ჭავჭავაძემ, დღეს ჩვენი საპატრონოა, ჩვენი მოსავლელი და განსამტკიცებელია. სრულიად ახალგაზრდა ილიამ მოახერხა მარადიული ფორმულით – მამული, ენა, სარწმუნოება – გამოეხატა ის არსი, რაც ასე მარტივად, ასე ნათლად აღწერს სრულიად საქართველოს, გვახსენებს ვინ ვართ ჩვენ, ვინ ვიყავით გუშინ და ვინ უნდა ვიყოთ ხვალ“-აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე, პაპუაშვილმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველომ ამ არჩევნებზე აირჩია ხელისუფლება, რომელიც მეტი სიმტკიცით, ეროვნულობით, საკუთარი მნიშვნელობისა და ღირსების დაცვით აპირებს ახალ სიმაღლეზე აიყვანოს ქართული იდენტობისა და სახელმწიფოს განმტკიცების საქმე.

„დღეს ჩვენი შეკრება მოხდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში სულ ახლახან ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, თავისი არსით და შინაარსით უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ არჩევნები. სულ ახლახან ქართველმა ერმა, ცალსახად და სრული უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქვეყნის გადარჩენას, ქვეყნის დაცულობას, განვითარებას, მოძლიერებას და წინსვლას ამ მართლაც ურთულეს დროში. საქართველომ ამ არჩევნებზე აირჩია ხელისუფლება, რომელიც მეტი სიმტკიცით, ეროვნულობით, საკუთარი მნიშვნელობისა და ღირსების დაცვით აპირებს ახალ სიმაღლეზე აიყვანოს ქართული იდენტობისა და სახელმწიფოს განმტკიცების საქმე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის. ჩვენს გამო სხვა თავს არ მოიკლავს. ჩვენს გამო არავინ გასწირავს საკუთარს. უნდა ვიცოდეთ, რომ ის რაც გვაბადია, ჩვენივე საპატრონოა. ჩვენ ამის პასუხისმგებლობა გვაკისრია როგორც წინაპრების, ასევე ჩვენი შვილებისა და მომავლის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g