LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მამალაძისა და ჯუმბერ ამანათაშვილის ახალი დუეტი: „ნანისთვის ბრწყინვალე კომპოზიტორები ქმნიდნენ სიმღერებს, მე კი, ჯუმბერი მყავს, რითაც ვამაყობ…“

498
ეკა-მამალაძე-&-ჯუმბერ-ამანათაშვილი

რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს მომღერალი ეკა მამალაძე და კომპოზიტორი ჯუმბერ ამანათაშვილი სტუმრობდნენ ახალი სიმღერის „შენზე ფიქრი“ პრემიერით.

შემოქმედებითი მეგობრობა

ეკა მამალაძე: მე და ჯუმბერს ხანგრძლივი შემოქმედებითი მეგობრობა გვაკავშირებს. განსაკუთრებით ბებიას უყვარდა, ხშირად ამბობდა, რომ ჯუმბერი საოცრად მუსიკალური ადამიანი იყო არაჩვეულებრივი ხმის ტემბრით და სმენით, რასაც ჩვენს ოჯახში დიდად აფასებდნენ. ერთნაირი მუსიკალური გემოვნება გვაქვს, ამიტომ სწრაფად გამოვნახეთ საერთო ენა, ამასთანავე, ჯუმბერი მაია ბერიძესთან სწავლობდა, რომელიც აღფრთოვანებული იყო მისით.

ნანისთვის ბრწყინვალე კომპოზიტორები ქმნიდნენ სიმღერებს, მე კი, ჯუმბერი მყავს, რითაც ვამაყობ და ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი თაობის შემსრულებლები ნაკლებად არიან განებივრებული კომპოზიტორებით, რომლებიც მათზე ზრუნავენ და პირადად მათთვის ქმნიან კომპოზიციებს. მართალია, სიმღერა „გოგოვ, გოგოვ შავთვალავ“ ჯუმბერს ჩემთვის არ დაუწერია, მაგრამ სწრაფად მოვირგე და მალე გახდა ჩემი. თუმცა, ძალიან მიხარია, რომ ამ სიმღერას ცნობილი ჯგუფები და მომღერლები, მათ შორის ნინო ქათამაძე ასრულებს საკუთარი ინტერპრეტაციით. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი და ჯუმბერის მეგობრობა დღემდე გრძელდება და ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ ერთმანეთთან თავს როგორც შემოქმედებით, ისე ადამიანურ ურთიერთობაში.

ჯუმბერ ამანათაშვილი: ჩემი სიმღერების მთავარი შემსრულებელი ეკაა. მთავარია, მითხრას და რამდენსაც უნდა, იმდენ ახალ სიმღერას დავუწერ. რა თქმა უნდა, ყველა მომღერალი ძალიან მიყვარს, თუმცა ქალბატონ ნანისთან, ეკასთან და ნატალიასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, ისინი არიან ჩემი სული და გული.

„გოგოვ, გოგოვ, შავთვალავ“

ჯუმბერ ამანათაშვილი: 1988 წელს დავბრუნდი ციმბირიდან, სადაც სამხედრო სამსახური გავიარე. სწორედ თბილისში ახალდაბრუნებულმა, მეგობართან ერთად სეირნობისას შევამჩნიე ულამაზესი გოგონა და ძალიან მომეწონა. რა თქმა უნდა, იმ ადგილას სეირნობას მოვუხშირე. ყოველდღე ვხვდებოდი, თითქოს თვალებით მეუბნებოდა, მაგრძნობინებდა რაღაცას, თუმცა გაცნობა არასდროს მიცდია, ამიტომ არც მე ვიცი მისი სახელი, არც მან იცის, რომ სიმღერა მივუძღვენი.

მართალია, არასდროს ვსაუბრობ პირად ურთიერთობებზე, მაგრამ ყველა სიმღერა ავტობიოგრაფიულია. სხვათა შორის, იმ უცნობ ქალბატონს არა მხოლოდ „გოგოვ, გოგოვ, შავთვალავ“, არამედ კიდევ რამდენიმე სიმღერა, მათ შორის „საიდუმლოს გაგიმხელ“, „ნუ მაკვირდები“, „ცოტაც მადროვე“ და „შენი ბრალია“ მივუძღვენი.

„ასე რად მეხუმრები“

ჯუმბერ ამანათაშვილი: თავისი ისტორია აქვს და გარკვეულწილად ავტობიოგრაფიულია სიმღერა „ასე რად მეხუმრები“. სრულიად მოულოდნელად გამომიტყდა სიყვარულში ის ქალბატონი, ვისთან საუბარსაც ვერ ვბედავდი. ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა მისი გულწრფელობა, საშინლად დავიბენი, სახლში გავვარდი და რამდენიმე წუთში დავწერე „ასე რად მეხუმრები“, რადგან ჩავთვალე, რომ მართლა მეხუმრებოდა. თავიდან სიმღერა ორსტროფიანი იყო, მერე დედამ მოისმინა, რადგან პირველი მსმენელი და შემფასებელი ყოველთვის ის იყო. სწორედ მან მირჩია მესამე სტროფის დამატება, მერე კი, ეკამ შეასრულა ბრწყინვალედ ანსამბლ „ალილოსთან“ ერთად.

სამუშაო პროცესი

ჯუმბერ ამანათაშვილი: კონკრეტული ადამიანისთვის სიმღერის წერისას ყოველთვის მისი ხმა მესმის, ვცდილობ, წარმოვიდგინო როგორ მოირგებს ჩემს სიმღერას და ხშირად მის ნაცვლადაც ვმღერი. ყოველთვის იმას ვწერ, რაც თავში, გულში მაქვს და არასდროს ვიცი რა გამოვა საბოლოო ჯამში. ყოველთვის ძალიან მიჭირს პასუხის გაცემა, როცა საყვარელ სიმღერაზე მეკითხებიან, რადგან ყველა სიმღერა ერთნაირად მიყვარს.

„შენზე ფიქრი“

ჯუმბერ ამანათაშვილი: სიმღერა გასულ წელს, სექტემბრის თვეში დავწერე. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, განტვირთვისთვის ეზოში გავედი და მოაჯირს მივეყუდე მზეზე გასათბობად, უამრავმა ნაცნობმა ჩაიარა, ხან ერთს გამოველაპარაკე, ხან მეორეს, მერე კი, სრულიად მოულოდნელად ჩემი ძველი შეყვარებული გამოჩნდა. მართალია, წლების წინ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ჩვენი რომანი ხანმოკლე გამოდგა. რამდენიმე წუთს ვისაუბრეთ, ისეთ ბრწყინვალე ფორმაში იყო, თავიდან მოვიხიბლე, ყველაფერი გამახსენდა, საოცრად სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა და სულ რაღაც 30 წუთში შევქმენი მელოდია თავისი მისამღერით. სახლისკენ გზაზე ნაცნობი შემხვდა, „რა ქენი, დაისვენე, გათბი მზეზეო“, – მკითხა, მე კი, ვუპასუხე, „არა, რას ამბობ, სიმღერა დავწერე-მეთქი“ და ვერ მიხვდა, ძალიან დაიბნა. უცნაურია, მაგრამ სიყვარულზე სიმღერები ყოველთვის მარტივად და მსუბუქად იწერება, არადა იმ ქალბატონმა რომ მოისმინოს, ვერც მიხვდება, რომ „ფიქრი შენზე“ მას მიეძღვნა.

მოგვიანებით, ქალბატონ ნანა ცინცაძეს დავუკავშირდი, რომელსაც მოკლედ მოვუყევი ჩემი ისტორია და სიყვარულზე მსუბუქი ლექსის დაწერა ვთხოვე. საბოლოო ჯამში, ნანას ლექსი დაედო მუსიკას, თუმცა სიმღერა მაინც ჩემს ცხოვრებასა და გრძნობებზე გამოვიდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არანჟირებისთვის არაჩვეულებრივ ადამიანს და მუსიკოსს ნიკა ნიკვაშვილს, მის ორკესტრს და განსაკუთრებით მესაყვირეს, რომელმაც ბრწყინვალედ გააფორმა კომპოზიცია.

შემოქმედებითი საღამო

ჯუმბერ ამანათაშვილი: დიდი სურვილი მაქვს, მოვაწყო შემოქმედებითი საღამო, თუმცა ჯერ მხოლოდ სურვილია, რადგან ძალიან არ მიყვარს წინასწარ საუბარი. ჯერ ახალ სიმღერებზე ვმუშაობ, მერე კი, შემოქმედებით საღამოზეც ვიფიქრებ. სიმართლე ვთქვა, წარმოდგენა არ მაქვს როგორ ხდება მსგავსი ღონისძიებების მოწყობა, მე მხოლოდ მუსიკის წერა შემიძლია, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება კი, ნაკლებად მეხერხება.

ეკა მამალაძე: განსაკუთრებული საღამოს მოწყობა მინდა, თუმცა ჯერ მხოლოდ გეგმები მაქვს. ძალიან მარტივია, ჩვეულებრივი, რიგითი კონცერტის მოწყობა, მე კი, ახალი და გამორჩეული საღამოს გაკეთება მინდა.

ოჯახი

ჯუმბერ ამანათაშვილი: ცხოვრების ყოველ ეტაპზე ვიღაც მიყვარდა, თუმცა დღეს მარტო ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია მარტოობა, მაგრამ ისე ვარ გატაცებული ჩემი მუსიკით რომ საერთოდ დავკარგე დროის შეგრძნება, ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევ როდის თენდება და ღამდება.

ეკა მამალაძე:უზარმაზარი ოჯახი და ოთხი შვილიშვილი მყავს. დიმიტრი პრაღაში სწავლობს, სანდრო 16 წლისაა, ძალიან უნდა გიტარაზე დაკვრის სწავლა და ვფიქრობ ამ სფეროში შევძლებ მის დახმარებას, ნიკოლოზი ჯერ 10 წლისაა, ნატალიკოს ბიჭი კი, ყველაზე უმცროსია. ძალიან ნიჭიერი, თუმცა სასაცილო ბავშვია და ყველას ძალიან გვამხიარულებს. შვილებიც და შვილიშვილებიც უკვე დიდები არიან. ყველა საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს, მე და ნანი კი, ერთად ვართ, თუმცა ბავშვებიც ხშირად გვსტუმრობენ. ვფიქრობ, სწორედ ესაა ნამდვილი ბედნიერება, როცა მთელი ოჯახი, ყველა თაობა ერთად იყრის თავს და ხალისიანად ატარებს დროს. დეკემბრის თვეში ნანის წიგნის პრეზენტაციას ვგეგმავთ. წიგნის გამოცემაზე ჩემი შვილი გოგიკო საყვარელიძე ზრუნავს, რომელმაც ფანტასტიკურად გაართვა თავი საორგანიზაციო საკითხებს. წიგნი გერმანიაში გამოიცემა გოგიკოს შერჩეული ფოტოებითა და გემოვნებიანი ილუსტრაციებით. სხვათა შორის, დედა დიდხანს უარობდა წიგნის გამოშვებას, არადა უამრავი ისტორია აქვს, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველასთვის საინტერესო იქნება. დიდხანს ვეხვეწეთ და საბოლოოდ დავითანხმეთ, წიგნზე მუშაობა სამი წელი გაგრძელდა, დეკემბერში კი, ფირფიტასთან ერთად გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g