ფინეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონის რეფორმის ფარგლებში საგზაო ნიშნებიც განახლდება. ამასთან, ნიშნებზე გამოსახული ადამიანები უსქესო ფიგურები გახდებიან.
საინტერესოა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან სულაც არ დგას გენდერული ნეიტრალურობისაკენ სწრაფვა – ცვლილებას წმინდად პრაქტიკული მიზანი აქვს – გახადონ ნიშნები უფრო შესამჩნევი და მკვეთრი.
ფინეთის სატრანსპორტო უწყებაში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია გამოსახულებამ მკვეთრად გადმოსცეს მოქმედება და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ნიშანზე გამოსახული – ქალი თუ მამაკაცი. ცვლილება საგზაო ნიშნების უმეტეს ნაწილს შეეხება. ასევე, ფინეთის ქუჩებში სრულიად ახალი საგზაო ნიშნებიც გამოჩნდება, მაგალითად: ჩქაროსნულ ტრასებზე სიჩქარის მინიმალური შეზღუდვის მაჩვენებლები განთავსდება.
ასევე, გამოჩნდება მაჩვენებლები საველოსიპედო გზებისთვის.
ასეთი მასშტაბის ცვლილებები ფინეთს 1980-იანი წლების შემდეგ არ განუხორციელებია.