ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ჟურნალისტს ნიკა კაციას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
მოსამართლის განმარტებით, ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა აკმაყოფილებს ვარაუდის სტანდარტს პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
„ნიკას ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავებიან, აქედან გამომდინარე, ექსპერტიზაა დანიშნული, თუმცა, ნიკა არსებითად უარყოფს, რომ მას რამე ნივთიერება გააჩნდა“ – დაკავებული ჟურნალისტის ნიკა კაციას ადვოკატი
ნიკა კაციას ბრალს დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც მის მიმართ პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.
ამასთან, პროკურორი აცხადებდა, რომ ამოღებული ნარკოტიკის ოდენობიდან გამომდინარე, ის მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის არ იყო, შესაბამისად, გამოძიება ამ მიმართულებითაც ჩასატარებელი იყო.
პროკურატურის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებდა, რომ კაცია წარსულში ნასამართლევი არ იყო და არასდროს ადმინისტრაციული კანონდარღვევაც კი არ ჩაუდენია.
ადვოკატმა კაციას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
სხდომაზე ისაუბრა თავად ბრალდებულმაც და აღნიშნა, რომ მას ნარკოტიკები “ჩაუდეს”.
“სასტიკად დამცინავად, შეურაცხმყოფლად იქცეოდნენ, ბილწ სიტყვებს ვგულისხმობ, დარბაზში არ ვხედავ არც ერთს, მაგრამ ამოვიცნობ. თავიდან მეგონა, ბანდფორმირება დამესხა თავს, მერე როგორც აღმოჩნდა, იმ შენობაში ვიყავი, რომელსაც, როგორც კრიმინალურს ვიცნობთ.
ქურთუკის გახსნა რომ დაიწყეს და ნახეს საახალწლო ზედა მეცვა, მითხრეს: “რიჟიკა ხარ ბიჭო”? მერე მითხრეს, “შენ ნაბ…ი ხარო”. აქციაზე მივდიოდი.. როცა მივხვდი, რასაც აკეთებდნენ, ვემუდარებოდი, რომ არ “ჩაედოთ”.
კაცი, რომელმაც ყველაზე მეტი ტყუილი მითხრა, [პოლიციის] აკადემიაში ლექციებს კითხულობს. ეს არის ფსიქოლოგიური წნეხი, არავის თავს არ ვაცოდებ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც დანაშაული რომ მქონდეს ჩადენილი, საგამოძიებო ორგანო ვერ დამასწრებდა თქმას. 42 წლის ვარ, არასოდეს შეხება არ მქონია…
როგორც კი შევედით კრიმინალურის ეზოში – იყო ასეთი ფრაზა, არ გაიგონ ჟურნალისტებმა…
სულ 63 კილო ვარ, არსად მივრბოდი, აბსოლუტურ შოკში ვიყავი, თვალები რომ ამიცრემლიანდა, ამაზეც დამცინავი საუბრები დაიწყეს – არ გინდა ნუ თამაშობო.
ერთმანეთს ანაცვლებდა ორი თემა – “სად გაქვს ფაქტი ბიჭო”? ამაზე ისეთი სტრესი მივიღე, არ ვიცი აქ როგორ ვზივარ და როგორ გესაუბრებით, ინსულტმა როგორ არ დამარტყა.
მეორე დღის ბოლომდე არ ვიცოდი, რატომ დამაკავეს. “აქციაზე დადიხარ და მოგწონს იქ ქვებს რომ ისვრიანო?”. ამ პასაჟიდან ბოლო ჩემი დაცინვა იყო – “იი რიჟიკა”.
დაავიწყდათ რომელ ჯიბეში რა მედო, 14 გრამი რომ არის, ამაზე მეცინება, შემობრუნებული 41-ია. მამადლიდნენ, რომ არავინ მცემდა. შემოთავაზება იყო, მოვწევდი თუ არა [მარიხუანას].
მზად ვარ, დამხვრიტონ, მაგრამ ეს ის სიბინძურე და ტყუილია, რომელიც მართლა “არ მოსულა”. მთელმა საზოგადოებამ იცის და ნანახი აქვს, ჩემი პოსტები სოციალურ ქსელში საკვებ პროდუქტთან, პურთან დაკავშირებით. 14 გრამი კოკაინი… ვიცი რომ ძალიან ბევრია.
მითხრეს, ხელს თუ მოაწერ, პანღური და წახვალო… ხელი მომაწერინეს, ცარიელ ცელოფნებზე ვიკითხე, არაფერია, შენს ნივთებს ჩავყრითო. მართლა დავიჯერე რომ შევეშალე, ახლა ზუსტად ვიცი, რომ არ შევეშალე. როგორც კი მოვაწერე, მანქანის გარშემო მყოფებმა დაიწყეს სიცილი, რატომ დამცინით მეთქი?
მერე, ორი პირი, ვინც თავზე დამახტა, ნასვამი იყო. არ მრცხვენია, რომ შემეშინდა, რაც მოხდა, ფილმებშიც არ მინახავს.
რასაც ვყვები, უწყვეტი ჯაჭვია ადამიანის უფლებების დარღვევის. სასტიკ დამნაშავესაც არ შეიძლება ასე უდიერად და უხეშად მოექცე… 50/50-ზე იყო მოტყუებაც და ძალადობაც”,- განაცხადა კაციამ.
ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.
ფოტო სასამართლოდან: ტვ პირველი