როგორც საპენსიო სააგენტო იტყობინება, საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.
შეგახსენებთ, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურასთან დაკავშირებით 2024 წლის ივნისში შევიდა. კერძოდ, საქართველოს საპენსიო ფონდში, ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა, უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო – მმართველობითი საბჭო იქმნება. ის ცხრა წევრისგან შედგება, რომელთაგან რვას, ღია კონკურსის საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, ხოლო ერთი – თანამდებობრივი წევრია.
მმართველობითი საბჭო უნდა დაკომპლექტდეს სამი პროფესიონალი წევრისგან, რომელთაც უნდა გააჩნდეთ შესაბამისი პოზიციისთვის საჭირო განათლება, ასევე ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილება და ხუთი პროფესიონალი წევრისგან, რომელთაც, დამატებით, უნდა ჰქონდეთ ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ ათი წლის პროფესიული ან ფინანსურ სექტორში რომელიმე ამ მიმართულების დირექტორად მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება. დადგენილების თანახმად, მმართველობით საბჭოს თანამდებობრივ წევრს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს შეარჩევს და საქართველოს პრემიერ მინისტრს დასანიშნად წარუდგენს შესარჩევი კომისია, რომელიც შედგება რვა წევრისგან. შესარჩევი კომისიის წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის სამი და ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი ორი წევრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ვაკანსიის განცხადებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე – [email protected]
დადგენილება და ვაკანსიის განცხადებები, რომლებიც დანართად ერთვის დადგენილებას შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ აქ.