„ერთი მხრივ, ადამიანს მოუწოდებენ, რომ აუცილებლად დააფიქსიროს თავისი აზრი, ოღონდ ისეთი, რაც მათთვის იქნება მისაღები და არა ის, რასაც ადამიანი გულწრფელად გამოხატავს. ზოგადად, მიუღებლობა აქვთ განსხვავებული აზრის და მართლა ვერაფერს დავარქმევ გარდა იმისა, რომ არის ფაშიზმი“, – ასე ეხმაურება პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას განცხადებებზე მოქალაქეების მიერ გამოთქმულ კრიტიკას.
სანიკიძის თქმით, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ყველაზე კარგი იქნება, „თუ ის მსგავს გამოხტომებს ყურადღებას არ მიაქცევს“.
„რანაირ ევროპულობაში ჯდება განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ზოგადად. ადამიანს ამხელა პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ამხელა სპორტსმენია და იმის ნაცვლად, რომ თავის საქმეს აკეთებდეს, იმედია, არ კითხულობს ამ ყველაფერს და აიგნორებს. მისი მხრიდან, ყველაზე კარგი იქნება, ასეთ გამოხტომებს, ასეთ ფაშიზმს ყურადღება არ მიაქციოს და აკეთოს თავისი საქმე – ის, რასაც ძალიან მაგრად აკეთებს. ამ ყველაფერს, ბოლოს, რა თქმა უნდა, პასუხი გაეცემა“, – თქვა ვიქტორ სანიკიძემ.