„ეს ინტერვიუ ერთი რიგითი ქართველის თვალით დანახული რეალობაა, გთხოვთ, ნურავის „ისტობას“ ნუ დამწამებთ, არც ერთ პოლიტიკურ მხარეს არ წარმოვადგენ, გეტყვით იმას, რასაც ვხედავ და როგორც ვფიქრობ“, – ამბობს მსახიობი დავით დვალი და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას „კვირის პალიტრას“ უზიარებს.
დავით დვალი:
აქციის მონაწილე რომ გამოდის აღშფოთებულია (და ვთვლი, რომ სამართლიანად) იმით, რომ მის გვერდით მყოფის უფლებები დაირღვა, ვიღაც გაილახა, ამაზეა კონცენტრირებული, ამაზე აგებს თავის აგრესიას. ახლა ამ ყველაფერს ხელისუფლების მხრიდან შევხედოთ. ხელისუფლება უნდა ხედავდეს, რომ ამ ახალგაზრდებს გული აქვთ ანთებული, თავიანთი სამშობლოსთვის იბრძვიან, გულწრფელები არიან. დღევანდელი პოლიტიკის გაგება ძალიან რთულია, ის არ არის მხოლოდ, რაც ზედაპირზე ჩანს. მგონია, რომ ხელისუფლებას და აქციის მონაწილეებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა. უნდა იქნეს ახსნილი მათი პოზიცია, რით არის გამართლებული. შეიძლება ყველაფერი ბოლომდე ვერ ითქვას პოლიტიკაში, მაგრამ მთავარი სათქმელი უნდა მიიტანო ამ ახალგაზრდებამდე. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ხელისუფლება რქებით აწვება თავის გზას და არავის ითვალისწინებს.
– ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებზე და მათ მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, რას ფიქრობთ?
– ოპოზიცია და მომიტინგეები ერთმანეთისგან აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ, ეს აბსოლუტურად სხვადასხვა ძალაა, სხვადასხვა სულისკვეთება და შემართებაა. მომიტინგეები არიან გულანთებული ადამიანები, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღევანდელი ოპოზიცია საკუთარ სამშობლოს მტერივით ექცევა. საქართველო ნებისმიერი ფორმით რომ დაზარალდეს, გამარჯვებულები გამოდიან. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ვინმემ მოითხოვოს. ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ითქვას, რომ ეს საქმე ამ მთავრობის ხელში გაფუჭდა.
– ბოლო 2 დღის განმავლობაში, ვნახეთ, მსახიობების პროტესტი, გაფიცვა. თქვენ ამ სფეროს წარმომადგენელი ხართ, რა გაქვთ სათქმელი?
– ნებისმიერი პროფესიის ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი. თქვენ თქვით „მსახიობების პროტესტი”, მე ვიტყვი, მსახიობების ნაწილის პროტესტია. არსებობენ მსახიობები, რომლებიც მათგან განსხვავებულად ფიქრობენ და არსებობს მესამე კატეგორია, რომელსაც ვთვლი, რომ თავად განვეკუთვნები, მსახიობები, რომლებიც არც ერთ მხარეს არ წარმოადგენენ.
საქართველოში მხარეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ავირჩევ, რადგან ვთვლი, რომ ორივე მხარეს ჩემი დები და ძმები არიან. როდესაც მხარეს ირჩევ, უკვე რადიკალი ხდები და რადიკალიზმს სიკეთე არასდროს მოუტანია. ვის აწვები ბოლომდე, შენსავე მოძმეს? დაჯექი, დაილაპარაკე ცივილურად გადაწყვიტე, როგორ შეიძლება, განვითარდეს საქართველოს მომავალი…
– როგორ უნდა განვითარდეთ, როდესაც ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ამ მთავრობის პოლიტიკით, რუსეთისკენ მივექანებით.
– მე ასე რადიკალურად საკითხს ვერ ვხედავ. რომელიმე აზრის მუსირებას კი არ ვახდენ, ყველას ვუსმენ და ანალიზს ვაკეთებ. მჯერა, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს აქციაზე დგანან, სამშობლო ძალიან უყვართ, მჯერა, მომავალში ბევრ კარგ რამეს გააკეთებენ ამ ქვეყნისთვის, მაგრამ დღეს ყველას მეტი დაფიქრება და გონიერება გვმართებს!