ურეკში ზღვის დინებამ 4 ადამიანი წაიღო, მაშველებმა ოთხივე მათგანი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კერძოდ, ერთ-ერთი დაზარალებული კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და მას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი ეხმარებოდა, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„კვირის პალიტრამ“ მომხდარის დეტალები გაარკვია.
მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭია, ისინი ექსკურსით იყვნენ ჩასულები და წყალში შესვლა გადაწყვიტეს, სამწუხაროდ, ასეთი ტრაგედიით დასრულდა ყველაფერი.
„როგორც შევიტყვეთ, გარდაცვლილია ახალგაზრდა ბიჭი. ჩვენი ინფორმაციით, ისინი აჭარაში მარნეულიდან იყვნენ ჩასულები. ოთხნი იყვნენ ერთად შესული წყალში, სამწუხაროდ ერთი დაიღუპა, დანარჩენები მაშველებმა გადაარჩინეს და გამოიყვანეს ზღვიდან. ზღვის სეზონი უკვე დაწყებულია, შედიან ზღვარში მოქალაქეები, გვყავს დამსვენებლებიც და სამაშველოც მობილიზებულია. მაშველებმა გამოიყვანეს ზღვიდან ის სამი ახალგაზრდა და ერთი დაიღუპა, არის ვარაუდი, რომ შიშისგან გული გაუსკდა. დღეს ზღვა ძალიან წყნარი იყო, არც ღელავდა, არც არაფერი და გამიკვირდა ეს ამბავი რომ გავიგე, ეს ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო. ფაქტი მოხდა მეგობრობის სანაპიროზე. სავარაუდოდ არ იცოდა ცურვა და არის ვარაუდი, რომ გული აქვს გახეთქილი შიშისგან. ზუსტად რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. თვითონ ის ადგილი, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, არის საბანაო ადგილი. ჩვეულებრივი სანაპირო ზოლია. ყველგან მობილიზებული არიან მაშველები, დაახლოებით ცხრა კოშკურაა და ასევე ცალკე არიან მოძრავი მაშველები, კატერები, სკუტერები, კვადროები, ყველაფერი მობილიზებულია ყველანაირად. 1-ელი რიცხვიდან უკვე აკონტროლებენ მაქსიმალურად სიტუაციას. არის ხალხმრავლობაც, დამსვენებლებიც არიან და არიან ტურისტებიც, ექსკურსიების ხალხიც”, – ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი დაბა ურეკში დავით რობაქიძე.
