ცნობილი მოდელი თიკო ჩხეიძე ჟურნალ „სარკის“ რუბრიკაში – „პირადი გამოცდილება“, მკითხველს საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან და რთულ ეტაპებზე, სიყვარულსა და საქმიანობაზე უყვება.
თიკო ჩხეიძე გამოცემასთან საუბრობს ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებ, რომელიც მეგობრებთან ერთად დააფუძნა, საავტორო წიგნზე – „დედის აღსარება“, რომელიც ქალიშვილის, ტატას გარდაცვალების შემდეგ დაწერა და ასევე ეკლესიაზე, რომელიც მან და მისმა მეუღლემ გარდაცვლილი ქალიშვილის სახელზე ააშენეს.
ფოტო: „ეს ტატას სახელზე აშენებული ტაძარია, მადლობა უფალს, მისი დასრულებისთვის“ – თიკო ჩხეიძე
კითხვაზე, როგორია მისი და მისი მეუღლის – ნუკრი რევიშვილის სიყვარული წლების შემდეგ, თიკო ჩხეიძე პასუხობს:
„17 წელია, ცოლ-ქმარი ვართ. ჩვენი სიყვარული რაც იყო 17 წლის წინ, ისეთია დღესაც. ხან ვკამათობთ, ხან გვიხარია, ხან გვწყინს. ყველაფერია, რაც სიყვარულით შექმნილ ოჯახში უნდა არსებობდეს. ჩვენი ცხოვრების გზაც ამტკიცებს, თუ რამხელა სიყვარულია ჩვენში. სხვა შემთხვევაში, ამდენი რამის გადატანას ვერ შევძლებდით“, – ამბობს თიკო ჩხეიძე.
თიკო ჩხეიძესთან ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალ „სარკის“ 5-31 დეკემბრის ნომერში.
ცნობისათვის, თიკო ჩხეიძისა და ნუკრი რევიშვილის ოჯახში ტრაგედია 2018 წლის 15 აგვისტოს დატრიალდა – მათი 9 წლის ქალიშვილი ტატა, ტატიანა, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.