მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის პატიმრობაში დატოვებას სასამართლო სხდომაზე დამსწრე მსახიობები აფასებენ.
„ქეთევან ჯაჭვაძევ, სირცხვილია! – თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!“ – სალომე ზურაბიშვილი
როგორც ნანკა კალატოზიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ქვეყანაში სამართალი აუცილებლად იზეიმებს.
„მე კარგს ამათგან არაფერს არ ველოდი. ერთადერთი, რასაც ველოდები, არის ამ მოსამართლეების გასამართლება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესღაც აქ მართლა იზეიმებს სამართალი“, – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.
მსახიობ ეკა დემეტრაძის შეფასებით, ყველა ინსტიტუცია “ერთი კაცის ხუშტურებზეა მორგებული”. მისი თქმით, იმედი ჰქონდა, რომ ერთი მოსამართლე მაინც აიღებდა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას.
„ამ მანიაკებისგან ყველაფერს ველოდები უკვე. რა თქმა უნდა, იმედი მქონდა, რომ იქნებ ვინმეს გონება გაუნათდეს და რამე პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვხედავთ, უკვე რამდენი ხანია ვუყურებთ, რომ მანიაკების ხელში ვართ, ერთი ადამიანის ხუშტურებზე არის ყველა ინსტიტუცია, ყველაფერი ჩამოშლილია. ის მოსამართლეც არის ჩვეულებრივი მარიონეტი“, – აღნიშნა ეკა დემეტრაძემ.
მსახიობი ირაკლი კვირიკაძე კი აცხადებს, რომ „ამ შენობას სასამართლო არ ჰქვია, ეს არის ცირკი – ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო მოსული ბრძანება“.
„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მას მოსამართლე არ ჰქვია, ამ შენობას სასამართლო არ ჰქვია დღეს, ამას ყველაფერი ჰქვია სასამართლოს გარდა, ეს არის ცირკი. ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო მოსული ბრძანება, ამ თამაშის, შოუს და მაიმუნობამდე გაცემული ბრძანება. ვხედავთ ბრძანებას, რაც აღსრულებაშია მოყვანილი. გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ ეს უკანონო მთავრობა გადადგეს და დანიშნოს ახალი არჩევნები, იმისთვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს, ქვეყანა, ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანას დაემსგავსოს. მე-13 წელია ქვეყანა არ გვქვია ჩვენ და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ამ კრიზისიდან გამოსვლა. ყველაზე დემოკრატიული და არააგრესიული გამოსავალი აქედან არის არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კვირიკაძემ.