LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიღალნენ სისტემის ფეხბურთელებით, თავისუფალი მხატვრები მოენატრათ, თავისუფლება კი კვარას ფეხბურთში ჭარბად იყო, ამიტომაც გაიმეტეს ქართველისთვის მეტსახელი „კვარადონა… საშინლად მომენატრება კვარას თამაშების წაყვანა“ – როგორ ეხმაურება კვარას „პარი სენ-ჟერმენში“კარიერის გაგრძელებას სპორტული კომენტატორი

202
ხვიჩა კვარაცხელია

თითქმის გადაწყვეტილია! ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი პარიზულ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, კვარაცხელიას ტრანსფერი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული იქნება, კვარა კი გახდება პირველი ქართველი, რომელიც პსჟ-ში ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენში“ კარიერის გაგრძელებას Setanta Sports-ის კომენტატორი, ანდრო ხელაძე სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმაურება. ხელაძე იხსენებს კვარას კარიერას „ნაპოლის“ რიგებში და შემდგომ გადაწყვეტილებას „პარი სენ-ჟერმენში“ კარიერის გაგრძელების თაობაზე და წერს, რომ სინამდვილეში, შესაძლოა წასვლა არა ნაადრევი, არამედ დაგვიანებულიც კია. მისი თქმით, თუ არჩევანი „ნაპოლისა“ და პარი სენ ჟერმენს შორის იყო გასაკეთებელი, ამ შემთხვევაში ხვიჩამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო:

„2022 წლის 15 აგვისტო იყო. თბილისში მაგრად ცხელოდა, ავტობუსში კიდევ უფრო, მაგრამ სამსახურამდე ის 10 წუთიანი გზა, ჩემთვის სასიამოვნოდ გასავლელი აღმოჩნდა. უჩვეულო იყო… მგზავრები მხოლოდ ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ – „დღეს კვარას დებიუტი აქვს“, „თამაში სად გავა ხომ არ იცი?“, „თავიდანვე დააწყებინებენ თუ მერე შემოვა ნეტა?“… ფეხბურთი საქართველოში ყოველთვის გვიყვარდა, მაგრამ მე პირადად იქამდე ეგეთი არაფერი მახსოვს, ზრდასრულ ასაკში მსგავსი არაფერი გამომიცდია. თან მსიამოვნებდა მთელი ავტობუსი ფეხბურთს რომ ელოდებოდა, თან ძალიან ვნერვიულობდი – მეთქი რა იციან ამათმა, ეგ თამაში მე რომ მიმყავს… დაიწყო მატჩი, ახტა ოსიმენი, ახტა კვარაცხელიაც და არამხოლოდ ავტობუსის მგზავრები, მთელი ქვეყანა ფეხბურთზე ალაპარაკდა.
მერე იყო ტირაჯირო მონცასთან
კვარარეალური გასეირნება რომში
ის პერფორმანსი ლივერპულთან
პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
შედევრი სასუოლოსთან
ბენეფისი იუვენტუსთან
ატალანტას კარში შეგდებული წლის საუკეთესო გოლი
33 წლის მერე გაჩემპიონებული ნაპოლი, სერია ა-ს საუკეთესო მოთამაშის პრიზი და იქვე ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის წოდებაც.
ამ პერიოდში კალენდარზე ნაპოლის თამაშები დღესასწაულებივით გვქონდა მონიშნული. დაუწერელი კანონი იყო – თუ კვარა თამაშობდა, სხვას არაფერს ვგეგმავდით.
თუ ქუჩაში გაივლიდი და მოულოდნელად კორპუსებიდან ხმაური შემოგესმებოდა, ზუსტად იცოდი, რა მოხდა…
თუ ვინმე უცხოეთში მიფრინავდა, ზუსტად იცოდი, სად…
ნეაპოლში ყველაზე პოპულარული დროშა ქართული იყო, საქართველოში კი ყველაზე პოპულარული მაისური – ნაპოლის ცისფერი ფორმა, ზურგზე ორი შვიდიანით.
უბნის დაცარიელებული მოედნები ბავშვებით გაივსო, ბაბუებს მონატრებული შვილიშვილების სახლში მოსაპატიჟებლად დამატებითი მიზეზი გაუჩნდათ.
საყოველთაო ჟრიამული იყო – საშაურმედან დაწყებული, ენერგეტიკული სასმლით დასრულებული ყველაფერი ნაპოლის ფერებში იღებებოდა.
ხან კაკა აქებდა, ხან ანჩელოტი, ხანაც კლოპი… ჩამომწკრივდებოდა სახელგანთქმული ხალხი და ახალ-ახალი ეპითეტებით ამკობდა.
სიტყვები განსხვავებული იყო, ნარატივი მსგავსი – მოსწონდათ კვარას ის არქაული საფეხბურთო სტილი, რომელიც თანამედროვე ფეხბურთელებში სანთლით იყო საძებარი.
დაიღალნენ სისტემის ფეხბურთელებით, თავისუფალი მხატვრები მოენატრათ, თავისუფლება კი კვარას ფეხბურთში ჭარბად იყო.
ამიტომაც გაიმეტეს ქართველისთვის მეტსახელი „კვარადონა“.
ამიტომაც ხატავდნენ ხვიჩას მაღალსართულიან შენობებზე და ზოგი საკუთარ სხეულზეც კი…
არ დამავიწყდება ის დღე, როცა სტადიო მარადონაზე ნაპოლი – იუვენტუსს დავესწარი, ზუსტად 2 წლის წინ იყო, ძველით ახალ წელს. თამაშის მერე ქუჩებში ისეთი განწყობა იყო – ძველ ახალ წელსაც აღნიშნავდნენ, ახალსაც და უახლესსაც. დილის 6 საათამდე ხმაური იყო, მანქანების სიგნალები, მთვრალი ხალხით სავსე ქუჩები და სილაღე, რომელიც ნეაპოლს ასე ძალიან უხდება.
ერთ-ერთ ბარში ნაპოლის სტაჟიანი გულშემატკივარი, ალბათ ჩემზე ორჯერ უფროსი, ბატონი ჯოვანი გავიცანი.
ინლერით დაწყებული, კავანით დამთავრებული, თითქმის ყველაფერი მიმოვიხილეთ, მატადორზე საუბრისას კი ჯოვანიმ მითხრა, ნაპოლის ცოტა უცნაური ფანები ჰყავსო – ელვის სისწრაფით იციან ადამიანის შეყვარება და მერე იმავე ადამიანის იგივე სიმძაფრით შეძულებაო…
ეჰ, მეთქი ჩემო ჯოვანი, ვის გააკვირვებ, ჩვენც ეგრე ვართ მეთქი.
მაშინ რას ვიფიქრებდი, ხვიჩას მომავალი გუნდი, კავანივით პარი სენ ჟერმენი თუ იქნებოდა. ახლა რომ ვკითხულობ ზოგიერთი ნეაპოლიტანელის კომენტარს, ჯოვანის სიტყვები მახსენდება. ცოტა სასაცილოა, ერთ დღეს მარადონას ადარებდე, მეორე დღეს კი ამბობდე დავიდ ნერესი სჯობსო… თუმცა, ეგეც დროის ამბავია. ახლა კავანი ნეაპოლში აღარავის ეზიზღება, კვირა არ გავა სქროლვისას ედისონზე გაკეთებული ედითი რომ არ შემხვდეს ემოციური მუსიკის თანხლებით. ერთადერთი ვინც სამუდამოდ მოღალატე იქნება, გონსალო იგუაინია. ასე რომ, კვარასაც აპატიებენ და თუ ვერ აპატიებენ, გაუგებენ…
კვარას დონის ფეხბურთელისთვის 1.800.000-ანი ხელფასი დაცინვაა.
ვინც ამას ვერ იაზრებს, საკუთარ თავზე უნდა წარმოიდგინოს – არამხოლოდ ქვეყანაში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რომ იყოს რომელიმე სფეროში და კაპიკებს უხდიდნენ, რამდენ ხანს გაჩერდებოდა ასეთ სამსახურში? 1 წელი? 2? მეტი? არა მგონია.
სინამდვილეში, შესაძლოა წასვლა არა ნაადრევი, არამედ დაგვიანებულიც კია.
შარშანდელი სამწვრთნელო განუკითხაობა რომ არ გავიხსენოთ, რომელმაც 23 წლის კვარაცხელიას ოქროს პერიოდში ერთი სეზონი „დააკარგვინა“, საჩემპიონო მენტალიტეტის მქონე კონტეს ფეხბურთშიც ზედმეტი მგონია კვარა.
კონტეს თავისუფალი მხატვრები არ სჭირდება, კონტესთვის სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, კონტეს სურს ერთგული ჯარისკაცები, რომლებიც დავალებებს ზედმიწევნით ზუსტად შეუსრულებენ.
ამიტომაც მის ფეხბურთში კვარაცხელიებზე მეტად, ლუკაკუები ფასობენ – ჩადგი კორპუსი, იჯაჯგურე, მოიგე ორთაბრძოლა, 3 მეტრში ზუსტი პასი გააკეთე და ეგაა, დაფასებული ხარ.
ლუის ენრიკე კი ის კაცია, თვეები რომ ელოდა კვარას და როგორც იქნა, საახალწლოდ სანუკვარი ნატვრა აუხდა.
წინასწარმეტყველი არ ვარ. ნაღდად არ ვიცი, ამ მომენტში კვარასთვის კარიერის გასაგრძელებლად იდეალური გუნდი რომელი იყო.
ჩემს წარმოდგენაში არსენალი, ზოგისთვის ლივერპული, ზოგისთვის მანჩესტერი…
მაგრამ თუ არჩევანი ნაპოლისა და პარი სენ ჟერმენს შორის იყო გასაკეთებელი, მგონია რომ ხვიჩას არასწორი გადაწყვეტილება არ მიუღია
.

საშინლად მომენატრება კვარას თამაშების წაყვანა, პიცაზეც ვგიჟდები, მაგრამ უგემურ, იაფფასიან, დამადლებულ პიცას, ის გემრიელი ბაგეტი სჯობს, მზარეულმა სპეციალურად შენთვის რომ მოამზადა.
წარმატებებს ვუსურვებ ხვიჩას საფრანგეთში.
ნაპოლიში ტრანსფერმა, არამხოლოდ მისი, არამედ ჩვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეცვალა.
ვუსურვებ ისევ წარმოადგენინოს გულშემატკივრებს წარმოუდგენელი.
ნეაპოლში სკუდეტოსი არ სჯეროდათ, პარიზში ჩემპიონთა ლიგის თასია მიუწვდომელი…
ვინ იცის, იქნებ ცოტა ხანში აღარ იყოს.
მადლობა მოგონებებისთვის“, – წერს ანდრო ხელაძე სოციალურ ქსელში.

2022 წლის 15 აგვისტო იყო. თბილისში მაგრად ცხელოდა, ავტობუსში კიდევ უფრო, მაგრამ სამსახურამდე ის 10 წუთიანი გზა, ჩემთვის…

Posted by Andro Kheladze on ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g