საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალური ქსელის მეშვეობით ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელშიც ის პასუხობს ბაკურიანიდან რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებულ კრიტიკას.
ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ მისი პასუხი ეხება ქერა ქალის სტერეოტიპთან დაკავშირებულ კომენტარს. მისი თქმით, ასეთი სახის კრიტიკა განსაკუთრებით სერიოზულ და საშიშ პრეცედენტს ქმნის ქალებისთვის.
„მინდა გავაკეთო კომენტარი ერთ-ერთ ჩემს ვიდეოზე. ამ კომენტარის დამწერი, მისი გამზიარებელი, აქვე მინდა გითხრათ, რომ 200 ათასზე მეტი ფოლოვერი ჰყავს, რომელმაც დიდი აჟიოტაჟით დადო ეს კომენტარი და წაახალისა ზიზღის შემცველი კამპანია. ეს ადამიანები ბნელი აზროვნების არიან, ფიქრობენ, ვინ ქერა დავიბადეთ და ვინ შავგრემანი ამაზეა დამოკიდებული ჩვენი გონებრივი შესაძლებლობები, უფრო მეტიც, მათი ლოგიკით ისინი ალბათ გაამართლებდნენ შავკანიანების ჩაგვრას, ასევე ჰიტლერის მხრიდან ებრაელების გენოციდს და ზოგადად, ჩამოყალიბნდნენ თანამედრტოფე ფაშისტებად, რაღაცა კუკლუს კლანის დაჯგუფებად“, – ამბობს ნინო წილოსანი.
ის ხაზს უსვამს, რომ მსგავსი მიდგომა უკიდურესად მავნებელია და სტიგმას ამკვიდრებს.
„ეს არის ძალიან საშიში პრეცენდენტი, როდესაც ადამიანი იუმორით შეფარევით ძალიან მავნებლურ მასტიგმატიზებელ იდეოლოგიას ავრცელებს. ჩემი ამტანობა ბულინგის და სხვადასხვა უსამართლო კომენტარის მიმართ ძალიან დიდია, მაგრამ ამ ყველაფერზე მინდა ვისაუბრო, რომ მინიმუმ სხვა ქალები დავიცვა და სხვა ქალების სახელით მინდა გითხრათ, რამდენად დიდ მავნებლობას ემსახურებით.
წარმოდგენა გაქვთ ამ ყველაფრით როგორ გაურთულეთ ცხოვრება ქალს, ქერას თუ შავგრემანს. ქალებს, ვისაც, ისედაც უამრავი ბარიერის გადალახვა გვიწევს, ვისაც დამატებითი ძალისხმევა გვიწევს იმისთვის, რომ ჩვენი თავი დავიმკვიდროთ, დავამტკიცოთ რომ პროფესიონალები და კარგები ვართ, აი ასეთი ადამიანების მეშვეობით კიდევ უფრო გვირთულდება და ურთულდებათ ცხოვრება ქალებს“, – აცხადებს წილოსანი.
მან ასევე განმარტა, რომ მისი ბაკურიანში გადაღებული ვიდეოს არასწორი ინტერპრეტაცია და გავრცელება მიზანმიმართული დეზინფორმაციის ნაწილია.
„ეს კომენტარი მოყვა ვიდეოს, რომელსაც ვწერ ბაკურიანიდან და არა ალპებიდან. ჩვენი ეროვნული კურორტიდან, სადაც ხალხს ვეუბნები და ვუხსნი, რომ არაჩვეულებრივი სეზონია და არ უნდა დაუჯერონ იმ მატყუარა ტელევიზიებს, ვინც ხალხს ეუბნება, რომ სეზონი ჩავარდა. ამას მოჰყვა ძალიან დიდი ტალღა ზიზღის და სიძულვილის. ეს ვიდეო გახდა მანიპულაციის და არასწორად გადაშეარების საფუძველი. ადამიანები, ვინც ჩემს გვერდითაც კი ისვენებდნენ, ისინიც კი მაბულინგებდნენ, რომ თურმე რაღაც განსაკუთრებული ფუფუნების საგანი ყოფილა, თუმცა, რეალურად ეს ბულინგი და ზიზღი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოემართებოდა, რომ მე ჩვენი ეროვნულის, ქართულის პოპულარიზაცია მოვახდინე და ეს ადამიანები არიან ისინი, ვისაც ყველაფერი ქართული ეზიზღებათ“, – აცხადებს წილოსანი.
შეგახსენებთ, რომ ნინო წილოსანმა ბაკურიანიდან ვიდეო გაავრცელა შემდეგი შინაარსით:
„ბაკურიანში არის ფანტასტიკური თოვლი, ძალიან მაგარი სრიალი. არ დაუჯეროთ არცერთ მატყუარა ტელევიზიას, ჩამოდით, იხალისეთ და ისიამოვნეთ!“