„ჩვეულებრივი სისულელეა, რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიის ზოგიერთი თანამშრომლის „პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან“ დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას.
როგორც კალაძე აღნიშნავს, თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილის გათავისუფლების მიზეზი მათი „ხელშეკრულების დამთავრება“ გახდა.
კალაძე ამბობს, რომ უწყებაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო, შესაბამისად „კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლებამოვალეობას შესაბამისად ვერ ასრულებს“:
„არ გვაპატიეს კონსტიტუციის ერთგულება, ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელის მოწერა… რა აღარ დაგვაბრალეს, დიდი სტრესი გამოვიარე…“ – მოქალაქე წერს, რომ თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
როგორც ჩუბინიძე სოციალურ ქსელში წერს, ის სამსახურიდან ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელის მოწერის გამო გაათავისუფლეს.
„ჩვეულებრივი სისულელეა. რეორგანიზაცია გვაქვს დაწყებული და კიდევ ბევრი ადამიანი გათავისუფლდება, ვინც გასათავისუფლებელია და თავის უფლებამოვალეობას შესაბამისად ვერ ასრულებს. გიგა სოფრომაძესაც და მაგ ადამიანსაც [თაია მახარაშვილს] დაუმთავრდათ ხელშეკრულება. ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება.
როდესაც შენს თანამშრომელს ხელშეკრულება უმთავრდება, შენ იღებ გადაწყვეტილებას, გაუგრძელო მას ხელშეკრულება, გჭირდება, არ გჭირდება ან ასრულებს თუ არა დავალებას და სამსახურებრივ მოვალეობას შესაბამის დონეზე, რომელიც შენ და შენს სამსახურს აკმაყოფილებს.
ბევრი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ და აქვთ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, განსხვავებული დამოკიდებულება, რომლებმაც მაგალითისთვის ხელი მოაწერეს იმ პეტიციას და ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას“,- განაცხადა კახა კალაძემ.