აშშ-ის ძველი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ბოლო დღეების მთავარი პოლიტიკური მოვლენა იყო. დონალდ ტრამპი დაუყოვნებლივ შეუდგა საქმიანობას და ერთბაშად 78 დოკუმენტს მოაწერა ხელი. მისი მესიჯები კი მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო და ყურადსაღებია, განსაკუთრებით უკრაინის საკითხთან მიმართებით. მოკლედ, ტრამპმა დაიწყო და სწორედ ეს თემა იყო ძირითადი გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“, რომელშიც წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა ასევე ისაუბრა ტრამპის მიერ ნახევარი ტრილიონი დოლარის გამოყოფაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის, ტიკ ტოკის თემაზე, მექსიკის საზღვრის ჩაკეტვაზე, თუ როგორ აღიქვამენ მის გაპრეზიდენტებას ვიკტორ ორბანი და რობერტ ფიცო.
გარდა ამერიკული თემებისა, გადაცემაში ასევე საუბარი შეეხო ევროპის საკმაოდ მერყევ შიდა პოლიტიკურ ვითარებას და შუა აღმოსავლეთში მძევლების განთავისუფლების პროცესს.
„მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენ იყო მიპყრობილი, სადაც გაიმართა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია. რონალდ რეიგანის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უამინდობის გამო ღონისძიება კაპიტოლიუმში ჩატარდა. დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და შემდეგ კი მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა და შეუდგა მოვალებების შესრულებას.
ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინასთან დაკავშირებით გეგმები, ნიშანდობლივი იყო მისი კომენტარები და პასუხები. ტრამპმა კატეგორიულ ტონში ისაუბრა რუსეთთან მიმართებით. აღნიშნა, რომ კეთილგანწყობილია რუსი ხალხის მიმართ, მაგრამ თუ პუტინი სწრაფად არ მოაწერს ხელს სამშვიდობო შეთანხმებას, სხვა გზა არ დარჩება და მოუწევს შემოიღოს ახალი სანქციები და ტარიფები რუსეთის წინააღმდეგ.
ტრამპმა ხაზი გაუსვა რუსეთის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასაც. გაუარესება აღინიშნება ინფლაციის, ვალუტის კურსის, უცხოური ინვესიტიციების, ნავთობის რეალიზების კუთხითაც.
რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში კომენტარი გააკეთა, რომ მათ უნდა ნახონ რას წარმოადგენს ეს შეთანხმება. აქ საუბარია ბევრ მნიშვნელოვან დეტალზე. უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მკაფიო პოზიციები ჩამოაყალიბა. დავოსში ყოფნისას განაცხადა, რომ მზად არის შეთანხმებაზე.
უკრაინას აქვს საკუთარი გეგმები და პრინციპული პოზიცია ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ის არ დაუშვებს გოჯი მიწის ჩაბარებასაც კი. ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ევროპის უსაფრთხოებისთვის და არ აქვს მისი შემცირების გეგმა, როგორც ეს პუტინს სურს.
ტრამპის განცხადებით, არსებობს საშუალება მოკლე გზით მოხდეს შეთანხების მიღწევა, თუ არადა მაშინ გრძელი გზით მივიდეს ომის დასრულებამდე, რადგან მისი მიზანია ომები დაასრულოს.
ტრამპი მიიჩნევს, რომ ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთის ჩართულობა. ჯერ კონკრეტული არაფერია, მაგრამ უახლოეს მომავალში შესაძლოა გაიმართოს კიდეც მისი და სინ ძინ პინის შეხვედრა. შეხვედრაზე უკრაინა არ იქნება ერთადერთი საკითხი. ტარიფების თემა ძალიან აქტუალურია. ტრამპს აქვს შეთანხმების სურვილი ვაჭრობასთან დაკავშირებით. მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მიღწეულ იქნა ეს შეთანხმება, მაგრამ მაშინ კოვიდ პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
ტრამპს ასევე სურს მაღალი ტექნოლოგიების საკითხი მოგვარდეს, რაშიც ჩინეთს მთავარ კონკურენტად განიხილავს.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ზოგადად ჩინეთს უფრო განიხილავს კონკურენტად, ვიდრე რუსეთს. ბოლო 10 წლის განმავლობრ ში საგრძნობლად შემცირდა რუსეთთან ვაჭრობა, 24 მილიარდიდან 2.4 მილიარდამდე ვარდნაა. აშშ ნავთობს აღარც ყიდულობს. მენავთობეების მიმართ ტრამპის მოწოდება – ბურღეთ, მეგობრებო, ბურღეთ (Drill, Baby, Drill) – აშშ-ის ტერიტორიაზე სწორედ ნავთობის მოპოვების ზრდას შეეხება.
ტრამპი მზადაა მექსიკისა და კანადის მიმართაც შემოიღოს ტარიფები. ასევე საუბრობს უსამართლობაზე ევროკავშირთან ვაჭრობაშიც და რომ მოუწევს ევროკავშირს გადახედოს სავაჭრო პოლიტიკას. ევროპული მხარე მზადაა მოლაპარაკებისთვის. ამერიკული მხარის სურვილია – უფრო მეტი ამერიკული თხევადი გაზისა და ნავთობის შესყიდვა; ამერიკული პროდუქციის, ავტომობილების, სასოფლო და სხვა ტიპის პროდუქციის შესყიდვა ევროპის მხრიდან.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა უფრო ხისტი პოზიცია დაიკავა. ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმებიან ტრადიციულ, თანამოაზრე, ერთ ღირებულებაზე დაფუძნებულ მქონე სახელმწიფოებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, მაგრამ არსებობენ სხვა პარტნიორებიც. თავის მხრივ ევროკაშირიც ლამობს ჩინეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას, ეს მასაც სჭირდება“.